ირანში გერმანიის მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს

ეთნიკური ირანელი, რომელსაც გერმანიის მოქალაქეობა ჰქონდა, ჯამშიდ შარმახდი, ირანის ციხეში სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

სასამართლო ირანში

შარმახდი სიკვდილით 28 ოქტომბერს, დილით დასაჯეს. ის ჩამოახრჩვეს. მისი ოჯახი ჯამშიდ შარმახდის გადასარჩენად ბოლო მომენტამდე იბრძოდა. შარმახდი „დედამიწაზე კორუფციის გავრცელებისთვის“ იყო გასამართლებული, რაც ირანში სიკვდილით ისჯება. რეალურად, შარიათის მიმდევრები ამ დანაშაულის უკან ნებისმიერ ქმედებას განიხილავენ, რაც შარიათის წესებს არ შეესაბამება.

გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის კანდიდატმა კანცლერის პოსტზე ფრიდრიხ მერცმა ირანის ამ ქმედებას „საზარელი დანაშაული“ უწოდა. მისი თქმით, ირანის რეჟიმმა კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი არაადამაინური სახე. მან მოუწოდა გერმანიის მთავრობას, რომ მომხდარზე გადამჭრელი რეაგირება ჰქონდეს.

გერმანიის მოქალაქის სიკვდილით დასჯა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა დაგმო. მისი თქმით, ამას ირანისთვის „სერიოზული შედეგები მოჰყვება“.