ჯოზეფ ბორელი – პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს ვთხოვე, რომ საქართველოში არსებული მძიმე ვითარების სასწრაფო განხილვისთვის დღეს შეიკრიბოს

პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს ვთხოვე, რომ საქართველოში არსებული მძიმე ვითარების სასწრაფო განხილვისთვის დღეს შეიკრიბოს. ეს საკითხი ასევე ნოემბრის საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში შევიტანე, – ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ავრცელებს.

მისივე განცხადებით, 26 ოქტომბრის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია.

„საქართველოს მოსახლეობა თვეების განმავლობაში დემოკრატიული ღირებულებებისადმი და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე სვლის მიმართ ერთგულებას ავლენს. ის საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით სიცხადეს იმსახურებს, რომ შემდეგი მთავრობის ლეგიტიმურობის რწმენა ჰქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები და მათზე მთავრობის რეაქცია მშვიდობიანი დარჩეს. ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა უნდა შეჩერდეს და სრულიად შეიცვალოს და უზრუნველყოფილი იყოს ხელსაყრელი გარემო მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციისთვის, რომლებიც პლურალისტურ, დემოკრატიულ საზოგადოებას ქმნიან”, – ნათქვამია ბორელის განცხადებაში.