„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ახლა ოპოზიციის მიზანია, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს.
როგორც სამნიძემ ოპოზიციურ პარტიებთან სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებულ კონსულტაციების დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გამოძიების დაწყება „ქართულ ოცნებას“ დაანგრევს.
„დღეს, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მრავლობით რიცხვში, თუ რა ვქნათ ერთად და ასევე, რა არის ჩვენი გეგმა. იმიტომ, რომ ერთმანეთის გარეშე არაფერი არ გამოვა. ხალხი, ოპოზიცია, პრეზიდენტი, დასავლეთი – ამ პროცესში ყველა ერთად უნდა ვიდგეთ. გამოსავალი არსებობს, ამას სჭირდება დაუღალავი, თანმიმდევრული ბრძოლა და არა დაღლა ან ერთმანეთზე გადაბრალება.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ მივაღწიოთ იმას, რომ საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს. დამერწმუნეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია იმიტომ, რომ მათ იციან, რომ ჩვენ ჰაერზე კი არ ვლაპარაკობთ, არამედ ჩვენ ვლაპარაკობთ კონკრეტული ფაქტებით, რომ ეს არჩევნები გადაიწერა რუსული რეჟიმით. ამიტომ, გამოძიებაზე საუბარი და გამოძიების მიღწევა არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დაანგრევს“, – განაცხადა სამნიძემ.