არჩევნები გადაწერეს და არის კონკრეტული მტკიცებულებები, ჩვენ ამ მტკიცებულებებს წარმოვადგენთ და მოემზადოს „ქართული ოცნება!“ – [ერთად ვდგავართ] ოპოზიცია, საქართველოს პრეზიდენტი, ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება. „ქართული ოცნება“ დგას მარტო, რუსეთთან ერთად! – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების საერთაშორისო გამოძიების ეშინია.
„მე გამიკვირდებოდა, რომ დათანხმებოდნენ. ეს ნიშნავს აღიარებას, რომ მათ არჩევნები გადაწერეს და არის კონკრეტული მტკიცებულებები, ჩვენ ამ მტკიცებულებებს წარმოვადგენთ და მოემზადოს „ქართული ოცნება!“. დღეს, ის ვითარება არ არის, რაც იყო 2020 წელს, ეს არის პირდაპირ რუსეთის სპეცოპერაციით გაყალბებული და გადაწერილი არჩევნები და ამაზე თანხმდება არა მხოლოდ ქართული ოპოზიცია და ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც ბარიერი გადალახა, არამედ, საერთაშორისო საზოგადოებაც. ეს არ არის იგივე ვითარება, რაც იყო 2020 წელს, ძალიან უნდა პაპუაშვილს ასე წარმოადგინოს, დასცინის და ქილიკობს საქართველოს ამომრჩეველზე, პირველ რიგში და არა, რომელიმე პარტიაზე. დღეს, მთელმა მსოფლიომ, 2020 წლისგან განსხვავებით, იცის, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება ამ ქვეყანაში და მათ რუსული ინტერესების სასარგებლოდ არ ასახეს საქართველოს მოქალაქის ნება არჩევნებზე, ამიტომ, საერთაშორისო გამოძიების რომ ეშინია „ქართულ ოცნებას“, ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ მათ შიში აქვთ, ამ გაყალბებას და გადაწერას გამოავლენენ!“- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
როგორც მან აღნიშნა, გამოძიების შიში მმართველი პარტიის ქვედა რგოლშიც აქვთ, „ვინც უშუალოდ თავისი ხელით გააყალბა არჩევნები და შეცვალა ქვეყნის ბედი“.
„საშუალო რგოლზე მაქვს საუბარი, ვინც ასევე ხმამაღლა ლაპარაკობს, საერთოდ როგორ ბედავენ რაიმეს თქმას, როდესაც ქვეყნის ბედი, ქვეყნის საერთაშორისო ორიენტაცია შეცვალეს და რუსული დავალება შეასრულეს. აუცილებლად გამოვლინდებიან ეს ადამიანები და დაისჯებიან. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი ტიპის გადაწერა, ასეთი რუსული ინტერესების გატარება უბრალოდ პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლება ძალიან ცდებიან! ამიტომ ეშინიათ საერთაშორისო გამოძიების“, – განაცხადა სამნიძემ.
რაც შეეხება არჩევნების გაყალბების შესახებ მტკიცებულებებს, როგორც სამნიძემ აღნიშნა, მტკიცებულებებზე მუშაობს ყველა, თითოეული პოლიტიკური ცენტრი, ვინც ბარიერი გადალახა. სამნიძის თქმით, ეს არის კოორდინირებული მუშაობა და საქმე გაშიფრულია.
„ამ ეტაპზე არის მტკიცებულებები, მიმდინარეობს მუშაობა კოორდინირებულად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც ყველა ეს მტკიცებულება შევაჯეროთ და წარვუდგინოთ საერთაშორისო საზოგადოებას. ამ პროცესში ჩვენ გვჭირდება ერთიანი მუშაობა. ჩვენ, ერთად [ვდგავართ], ჩვენ, ოპოზიცია, საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ამ პროცესში დგას და ხალხი, საერთაშორისო საზოგადოება. „ქართული ოცნება“ დგას მარტო რუსეთთან ერთად. კი, მათ აქვთ დიდი ძალა იმიტომ, რომ აი, ასე გააყალბეს არჩევნები, უბრალოდ გადაწერეს ძალისმიერი მეთოდებით, მაგრამ აქეთ მხარეს დგას მთელი მსოფლიო, ამიტომ, „ქართული ოცნება“ იყოს ფრთხილად ყველა განცხადებაში და ყველა გამოთქმულ აზრში, რომ მერე ეს მათ წინააღმდეგ არ იყოს გამოყენებული, ფრთხილად იყოს!“-განაცხადა ხათუნა სამნიძემ.