ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ჭიათურის მაღარო ხვალიდან, პირველი ნოემბრიდან მუშაობას წყვეტს. ათასობით დასაქმებული დროებით უმუშევარი რჩება.
„ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც ორივე საწარმოში 100 %-იანი წილის მფლობელია, კომენტარს არ აკეთებს.
როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, გუშინ, 30 ოქტომბერს, შპს „მაღაროელის“ თანამშრომლებს შეხვდა კომპანიის წარმომადგენელი და განუცხადა, რომ კომპანია 5 თვით, 2025 წლის აპრილამდე აჩერებდა მუშაობას. დასაქმებულებს საშუალება ექნებოდათ ხელფასის 60% მიეღოთ.
„ერთი კვირაა ჭორებია, მაგრამ მხოლოდ გუშინ დადასტურდა, რომ აპრილამდე მაღარო მუშაობას წყვეტს.
გუშინ, 30 ოქტომბერს, გამოგვიცხადეს ოფიციალურად. თემურ ხონელია შეგვხვდა დასაქმებულებს, გარკვეული მიზეზები დაასახელა, კრიზისშია კომპანია, რესტრუქტურიზაცია უნდა გავაკეთოთ და აპრილამდე უნდა გავჩერდეთო.
გვთავაზობენ ხელფასის 60%-ს გაჩერების პირობებში. მსგავსი გაჩერება იყო 2023 წლის თებერვალშიც, მაშინაც ხელფასის 60%-იანი გადახდით, მაგრამ მაშინ ბანკის სესხი ვისაც ჰქონდა, ყველას გაუჩერეს სესხები. ახლა ბანკებთან დაკავშირებით აღარაფერს ამბობენ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ შპს „მაღაროელის“ თანამშრომელმა ტარიელ მიქაცაძემ.
შპს „მაღაროელის“ საწარმოში 100 %-იანი წილის მფლობელი „ჯორჯიან მანგანეზია“. კომპანია ამ დრომდე ოფიციალურ განმარტებას არ აკეთებს, რის გამო გააჩერა მუშაობა.
რაც შეეხება დასაქმებულებს, ტარიელ მიქაცაძე ამბობს, რომ კომპანიის მიმართ მთელი რიგი მოთხოვნები აქვთ.
„როგორც ვიცით, საწარმოების გაჩერება სახელმწიფოსთან შეთანხმებით მოხდა. ამიტომ უნდა ვთხოვოთ კომპანიას სახელმწიფოსთან ერთად, ან 100%-იანი ანაზღაურება შეგვინარჩუნოს, ან ალტერნატიული სამუშაოები მოგვცენ რამე, ან ბანკების სესხები გაგვიყინონ ამ ხელფასის 60%-თან ერთად,“ – ამბობს ტარიელ მიქაცაძე.
პირველი ნოემბრიდან სრულად ჩერდება ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის ყველა ღუმელი.
„ასეთი შემთხვევა არ გვახსოვს აქამდე, ყველა ღუმელი ერთიანად გაჩერებულიყოს. გვითხრეს, ელექტროენერგია არ ჰყოფნის საწარმოს და იმიტომ ვაჩერებთ მუშაობასო,“ – ამბობს ფეროში დასაქმებული ერთ-ერთი მუშა.
კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოში უმსხვილესი სამთო-მომპოვებელი და ფეროშენადნობების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2006 წლიდან ოპერირებს და მას შემდეგ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
„ჯორჯიან მანგანეზი“ 6 ათასამდე თანამშრომელს და რამდენიმე ძირითად ობიექტს აერთიანებს. უცნობია ზუსტად რამდენ ადამიანს ეხება რეორგანიზაცია, რადგან კომპანია განმარტებას არ აკეთებს.
კომპანიის შემადგენლობაში შედის ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომპლექსი, სადაც მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება; ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც კომპანიის საბოლოო პროდუქტს – სილიკომანგანუმს აწარმოებს და „ვარციხეჰესი“, სრულად განახლებად ენერგიაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგური, რომლის მიერ გამომუშავებული ენერგიაც უზრუნველყოფს მოპოვება-წარმოების პროცესს.
არაერთგზის მცდელობის მიუხედავად „ბათუმელებმა“„ჯორჯიან მანგანეზთან“ დაკავშირება ვერ მოახერხა. კომპანიიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
წყარო: ბათუმლები.ge