ამერიკის შეერთებული შტატების შეფასებით, რუსეთში ჩრდილოეთ კორეიდან დაახლოებით 10 ათასი ჯარისკაცია გაგზავნილი და მათგან 8 ათასამდე კურსკის რეგიონშია თავმოყრილი. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები შესაძლოა, საბრძოლო მოქმედებებში უახლოეს დღეებში ჩაერთონ.
„ბოლო მონაცემებით, მათგან 8 ათასამდე კურსკის რეგიონში გადაიყვანეს. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვინახავს, რომ ეს ჯარები უკრაინული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულიყვნენ, თუმცა ველოდებით, რომ ეს უახლოეს დღეებში მოხდება“, – აცხადებს ბლინკენი.
როგორც ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს წვრთნიან არტილერიის და დრონების გამოყენებაში. ასევე, მათ ამზადებენ ქვეითი ოპერაციებისთვის, მათ შორის, სანგრების გათხრისთვის.
„ეს იმას მოწმობს, რომ რუსეთი მათ გამოყენებას გეგმავს ფრონტზე დაგეგმილ ოპერაციებში“, – ამბობს ბლინკენი.
ამასთან, ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ თუ ისინი მონაწილეობას მიიღებენ საბრძოლო მოქმედებებში ან უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერაში, „ისინი ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებად იქცევიან“.