გია ხუხაშვილი – ოპოზიციას კარგად არ აქვს გააზრებული, რა უნდა გააკეთოს, „ქართული ოცნება“ კი სტაბილურობისთვის, ალბათ, დაიწყებს „ბარტყების“ გადმოყრას და „რუსულ კანონს“ დათმობს

ახლა დრო არ მუშაობს ოპოზიციაზე. ისინი ხვდებიან, რომ რაღაც სწრაფად უნდა გააკეთონ, მაგრამ მეჩვენება, რომ რა უნდა გააკეთონ, ეს მაინც და მაინც კარგად არ აქვთ გააზრებული და საკმაოდ რთულ პროცესში არიან. ბუნებრივია, ხელისუფლება ამით სარგებლობს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც ხმების დაცვის მიზნით ოპოზიციის ნაბიჯები შეაფასა.

გია ხუხაშვილი - ოპოზიციას კარგად არ აქვს გააზრებული, რა უნდა გააკეთოს, „ქართული ოცნება“ კი სტაბილურობისთვის, ალბათ, დაიწყებს „ბარტყების“ გადმოყრას და „რუსულ კანონს“ დათმობს

გია ხუხაშვილის შეფასებით, ერთი მხრივ, გასაგებია, რომ ოპოზიციას პრობლემა აქვს, რადგანაც ასეთ ვითარებაში, როდესაც მათი შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია იგივე ხალხის ნდობასთან დაკავშირებით, გეგმის დადება პრობლემატურია.

„პრობლემატურია იმიტომ, რომ ასე ადვილია დაძახება, „მოდით, პერმანენტული პროტესტი დავიწყოთ“, მაგრამ მეორეა, რამდენად დამაჯერებელია შენი გეგმა იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოში მუდმივად ვართ დიდი იმედების შექმნის და მერე იმედგაცრუების ციკლში. შესაბამისად, ამ პროტესტზე საზოგადოების აყოლება საკმაოდ ძნელია იმიტომ, რომ ხშირად ეს პროტესტი არაფრით მთავრდება და ეს სკეპტიციზმი საკმაოდ ძლიერია, მით უმეტეს როდესაც კონკრეტული დამაჯერებელი გეგმა არ ჩანს, რომელიც აუცილებლად შედეგამდე მიგიყვანს. ასე რომ, ახლა დრო არ მუშაობს ოპოზიციაზე. ისინი ხვდებიან, რომ სწრაფად რაღაც უნდა გააკეთონ, მაგრამ მე მეჩვენება, რომ რა უნდა გააკეთონ, ეს მაინც და მაინც კარგად არ აქვთ გააზრებული და საკმაოდ რთულ პროცესში არიან. ბუნებრივია, ხელისუფლება ამით სარგებლობს“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება ამ პროცესში „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციას, პოლიტოლოგის აზრით, გიორგი გახარია არ ემიჯნება მთავარ ამოცანას და ცალსახად განაცხადა, რომ ბოლომდე იბრძოლეს იმისთვის, რომ ხალხის ნება დადასტურდეს, თუმცა, ხუხაშვილის თქმით, საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ახლა მიმდინარე პროცესზე ბევრი ფაქტორი ზემოქმედებს.

„ვფიქრობ, საკვანძო მაინც არის, საბოლოო ჯამში, საერთაშორისო თანამეგობრობა როგორ შეხედავს ამ არჩევნებს და გარკვეულწილად ხელისუფლებაც ამ ნაბიჯებს გადადგამს, ანუ ხელისუფლება გააგრძელებს იმ გზით სიარულს, რასაც ჰქვია „ნელი დღეები რუსეთისკენ“, თუ ახლა დაიწყებს ბარტყების გადმოყრას, დავუშვათ, „რუსული კანონის“ სახით. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს თემა მათთვის უკვე არის გარკვეული საეჭვო სივრცის გახსნა და საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით შესაძლოა მათ ეს დათმონ, ანუ საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითი განხილვისას მიიღოს გაუქმების გადაწყვეტილება. შესაძლოა, ასეთი ბარტყების გადაყრა დაიწყონ იმისთვის, რომ მოხდეს გარკვეული სტაბილიზაცია და საზოგადოებაში არსებული აღქმა, რომ ხელისუფლება რუსეთისკენ მიისწრაფვის, რაღაცნაირად შეარბილოს. გარდა ამისა, კიდევ რაღაც ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ გარკვეულწილად თვითონაც სახე შეინარჩუნოს და დასავლეთის ეს ნეგატიური განწყობები შეარბილოს და პარალელურად, მოახდინოს ოპოზიციის მარგინალიზაცია. ყველაფერი დამოკიდებულია, ოპოზიცია რამდენად ადეკვატური იქნება ამ პროცესში.

სიმართლე გითხრათ, დავიღალე ამ რჩევების მიცემით [ოპოზიციისთვის] იმიტომ, რომ მე რა რჩევებსაც ვაძლევდი წინასაარჩევნოდ, არცერთი არ იქნა მიღებული ოპოზიციის მხრიდან. ამან დაამძიმა მდგომარეობა. მათ რატომღაც ჰქონდათ ილუზია და ამბიცია, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა თუნდაც იმ სახით, რა სახითაც ჩვენ მივედით არჩევნებამდე. მე თავიდანვე ვფიქრობდი, რომ აქ იყო მაღალი რისკები და ეს არ მიიღეს. მე მეჩვენება, რომ წინასაარჩევნო პროცესში ოპოზიციის ამბიციები ბევრად აჭარბებდა მათ რეალურ შესაძლებლობებს და ჩემი რჩევები იყო მიმართული იქითკენ, რომ მათი შესაძლებლობები რაღაცნაირად გაზრდილიყო, მაგრამ ოპოზიციამ ეს რეალობა არ მიიღო და დადგა იმ რეალობის წინაშე, რის წინაშეც დადგა. ოპოზიციას უნდა ესმოდეს, რომ საზოგადოების ინტერესია არ დაზიანდეს ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ვექტორი“, – განაცხადა ხუხაშვილმა.