რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 2024 წლის დეკემბერში მალტაში ჩავა, სადაც ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
„ლავროვი პირველად ჩავა ევროკავშირის წევრ ქვეყანაში უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებიდან. ქვეყანამ, რომელიც ამ ღონისძიების მასპინძელია, ყველა მონაწილე სახელმწიფოს მუშაობის თანაბარი პირობები უნდა შეუქმნას“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ.
რუსეთის ფედერაციაში მალტის საელჩოში განაცხადეს, რომ მალტაში 5-6 დეკემბერს ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრები სამიტის ჩატარების გადაწყვეტილება ეუთოს ყველა წევრს ეხება. იმ ფაქტზე, რომ ლავროვის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები მოქმედებს, მალტის საელჩოში კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ბოლოს სერგეი ლავროვი ევროკავშირის ქვეყანაში 2021 წლის დეკემბერში იმყოფებოდა – ის ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობდა, რომელიც შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გაიმართა. 2022 წლის თებერვლიდან სერგეი ლავროვის წინააღმდეგ ევროკავშირის პერსონალური სანქციები მოქმედებს, რაც ევროპის კავშირის ტერიტორიაზე რუსი მინისტრის აქტივების გაყინვას ითვალისწინებს.