უკრაინის ომში „არ არსებობს ვერცხლის ტყვია“, ანუ არანაირი შეიარაღების სისტემა, რომელიც ბრძოლის ველზე მოვლენების მსვლელობას შეცვლის. ეს აზრი გამოთქვა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ჟურნალ Foreign Affaris-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც უკრაინის ომს ეხება.
„ვერცერთი შესაძლებლობა ვერ შეცვლის მოვლენების მიმდინარეობას, ვერცერთი სისტემა ვერ დაასრულებს პუტინის შეტევას. მთავარია უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების ერთობლივი ეფექტი და ფოკუსირება იმაზე, თუ რა მუშაობს“, – წერს პენტაგონის უფროსი.
მან ასევე ცხადყო, რომ აშშ-ის ხელისუფლება, მედიაში გავრცელებული არაერთი ინფორმაციის მიუხედავად, კვლავ უკრაინის გამარჯვებას ემხრობა და არა ომის დასრულებას რაიმე სახის კომპრომისით.
„ვისაც ჰგონია, რომ ამერიკულ ლიდერობას [უკრაინის მხარდაჭერა] ძვირი უჯდება, დაფიქრდით აშშ-ის უკან დახევის ფასზე. აგრესიის პირობებში, პრინციპის ფასი კაპიტულაციის ფასთან შედარებით ყოველთვის უმნიშვნელოა“, – აღნიშნა ოსტინმა.
მისი თქმით, პუტინმა უკრაინაში შეჭრით მთელი დასავლური სამყარო გამოიწვია და „ამერიკის უსაფრთხოება მოითხოვს, პუტინის აგრესიას დავუპირისპირდეთ“.