ესპანეთის ყველაზე მომაკვდინებელი ბუნებრივი კატასტროფა ათწლეულების განმავლობაში – ასე უწოდებენ სტიქიას ესპანეთში, რომელსაც სულ მცირე 205 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 202 ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონში ვალენსიაშია, განაცხადეს რეგიონის საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებმა.
მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება, რადგან სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, ყოველ დღე იბრძვიან ადამიანების გადასარჩენად და ცხედრების გამოსაყვანად.
SOS Desaparecidos ასოციაციამ განაცხადა, რომ მათ მიიღეს ინფორმაცია მინიმუმ, 1 300 ადამიანის შესახებ, რომლებიც უგზო-უკვლოდ არიან დაკარგულები.
ვალენსიის რეგიონში მომხდარი კატასტროფის შემდეგ, მოსახლეობა ავრცელებს ინფორმაციას დიდი რაოდენობით ზარალის შესახებ. ვალენსიაში სასამართლო შენობა დროებით მორგად გადაკეთდა.
ქალაქის გარეუბანში, მინიმუმ ექვსი ადამიანი დაიღუპა მოხუცთა თავშესაფარში. მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლებმა მოახერხეს მოხუცების უმეტესობის პირველ სართულზე მიყვანა, მათ ვერ შეძლეს ყველას გადარჩენა.