რეჟიმი გასამართლდა ქართველი ხალხის მხრიდან და ფაქტობრივად, ისინი ოპოზიციურ ველსაც ჩამოშორდნენ, – განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას.
მისივე თქმით, ოპოზიციური ველი გასუფთავდა და გაჩნდა შესაძლებლობა, ქვეყანაში რეალურად ოპოზიციური ძალა გაჩნდეს. თუმცა, კაკაბაძის განმარტებით, რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, ჯერ არ მომხდარა და ეს ხელისუფლების გასაკეთებელია. იგი მიიჩნევს, რომ იმ ადამიანების, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის დროს სჩადიოდა დანაშაულებს, მხოლოდ ნაწილია გასამართლებული. ამდენად, დაზარალებულთა უფლებების აღდგენა ჯერ არ მომხდარა.
„მე იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი ბოლომდე უნდა მივიდეს, ქართველმა ხალხმა რეჟიმი გაასამართლა. ახლა დარჩა ხელისუფლებას ის, რომ სამართლიანობა აღადგინოს. იმისთვის, რომ ქუჩაში დახოცილთა ოჯახის ახლობლებმა მორალური კომპენსაცია მიიღონ, თუ მატერიალური კომპენსაცია – ქონებაწართმეულებმა, ამისთვის საჭიროა სასამართლო პროცესები, რომელიც დაადგენს, კონკრეტულად ვინ სჩადიოდა ამ კრიმინალურ დანაშაულებს, ცნონ დაზარალებულად ის ადამიანები, ვინც რეჟიმმა 9 წლის განმავლობაში დააზარალა და ადამიანებისთვის მოხდეს კომპენსაციების სრულად დარიგება, რომელიც მათ კანონით ეკუთვნით“, – აღნიშნა კაკაბაძემ.