ჩრდილოეთ სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის შესასვლელთან ბეტონის ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი გაიზარდა. ინფორმაციას რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახური ავრცელებს.
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ცხრა დაღუპულის ვინაობა დაადგინეს. აქედან რვა სერბეთის მოქალაქეა, ხოლო ერთი ჩრდილოეთ მაკედონიიდან არის.
ასევე, სერბეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ჯერ არ დაუდგენიათ დაღუპული 6 წლის ბავშვის ვინაობა.
ვუჩიჩის თქმით, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ სარკინიგზო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ადამიანების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებს.
ნოვი-სადის სადგური, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, 2024 წლის ივლისში გაიხსნა.