ცივი ზამთრისა და ატომურ ელექტროსადგურებზე რუსეთის საჰაერო იერიშების გათვალისწინებით, უკრაინა, შესაძლოა, დღეში 20 საათამდე ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს – აღნიშნულის შესახებ Politico ენერგეტიკის ექსპერტების მოსაზრებაზე დაყრდნობით წერს.
უკრაინის სტრატეგიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტისა და ენერგეტიკული ბაზრის მთავარი მკვლევარის გენადი რიაბცევის თქმით, მხოლოდ აგვისტოს ბოლოს, რუსეთმა 200-ზე მეტი რაკეტა და დრონი გამოიყენა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშის მისატანად.
რიაბცევი ამბობს, რომ რუსული ძალების იერიშებმა უკრაინის ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრე 9 გიგავატზე მეტით შეამცირა.
ყველაზე რეალისტური სცენარი, რომლის წინაშეც ქვეყანა ამ ზამთარში დგას, რიაბცევის მოსაზრებით, გულისხმობს ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვას ინდუსტრიისთვის და ოჯახებისთვის დღეში 8-14 საათის განმავლობაში.
„სიცივისა და ატომურ ელექტრო ქსელზე ახალი საჰაერო იერიშების გამო უკრაინას შეიძლება 20 საათამდე ელექტროენერგიის გარეშე ყოფნა მოუწიოს“, – ამბობს ენერგეტიკული ინდუსტრიის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი და უკრაინის მთავრობის მრჩეველი ენერგეტიკის საკითხებში ალექსანდრ ხარჩენკო.
„ჩვენ ველოდებით ძალიან მკაცრ ზამთარს. ხალხი დაიღუპება საკუთარ სახლებში, რადგან რუსეთი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ანადგურებს“, – ამბობს მედიასაშუალებასთან საუბრისას კონფიდენციალურად შეერთებული შტატების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი.