G7-ის ქვეყნები და მოკავშირეები რუსეთში ჩრდილოკორეელი ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით კოორდინირებულ რეაგირებაზე მუშაობენ

„შვიდეულის ჯგუფის“ (G7-ის) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და სამმა მთავარმა მოკავშირე ქვეყანამ განაცხადეს, რომ რუსეთში ჩრდილოეთ კორეის ჯარების განლაგებით სერიოზულად შეშფოთებულები არიან და სიტუაციასთან დაკავშირებით ერთობლივ რეაგირებაზე მუშაობენ. ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

G7-ის წევრების გარდა – აშშ, იაპონია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, კანადა და ევროკავშირი – განცხადებას ასევე მოაწერეს ხელი სამხრეთ კორეამ, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ.

„ჩრდილოეთ კორეის რამდენიმე ათასი ჯარისკაცი რუსეთშია განლაგებული. ჩრდილოეთ კორეის მხრიდან  უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის პირდაპირი მხარდაჭერა, გარდა იმისა, რომ აჩვენებს რუსეთის სასოწარკვეთილ ძალისხმევას თავისი დანაკარგების კომპენსაციისთვის, ნიშნავს კონფლიქტის სახიფათო გაფართოებას, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ევროპასა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. ეს იქნება საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების ყველაზე ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, მინისტრებმა განაცხადეს, რომ ისინი „მკაცრად“ გმობენ ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის გაძლიერებულ სამხედრო თანამშრომლობას, მათ შორის რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების „უკანონო შეძენას“.

მინისტრებმა მოუწოდეს ჩრდილოეთ კორეას, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დახმარება შეწყვიტოს. ისინი „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამენ რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეისთვის ბირთვული იარაღის, ან ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებული ტექნოლოგიების ნებისმიერი გადაცემის შესაძლებლობის გამო.

მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის მხარდაჭერის ერთგულება და განაცხადეს, რომ ისინი მუშაობენ საერთაშორისო პარტნიორებთან „[მოვლენების] ამ ახალ განვითარებაზე კოორდინირებული რეაგირების შესამუშავებლად“.