კანადა უკრაინას NASAMS-ის საზენიტო კომპლექსს გადასცემს – ზელენსკიმ დეტალებზე ისაუბრა

კანადა უკრაინაში NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემას აგზავნის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

ჯასტინ ტრუდო და ვოლოდიმირ ზელენსკი

„პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის პირველი სისტემის გამოგზავნა, რომელიც კანადამ უკრაინისთვის შეუკვეთა. ჩვენ ველოდებით, რომ მას ამ წლის ბოლომდე მივიღებთ“, – აღნიშნავს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრისას მათ განიხილეს უკრაინის თავდაცვის შემდგომი მხარდაჭერა, ბრძოლის ველზე არსებული ვითარება, კერძოდ, ომში რუსეთის მხარეს ჩრდილოეთ კორეის ჩართვა. სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ მან და ტრუდომ კოორდინაცია გაუწიეს თანამშრომლობას მომავალ წელს კანადის G7-ის თავმჯდომარეობის ფარგლებში.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა კანადის პრემიერ-მინისტრს, მის გუნდს და ყველას, ვინც მონაწილეობდა პატიმრებისა და დეპორტირებულების გათავისუფლების შესახებ წარმატებით ჩატარებულ თემატურ კონფერენციაში, რომელიც მონრეალში 30-31 ოქტომბერს გაიმართა. მისი თქმით, შემდეგი ეტაპი უნდა იყოს საბოლოო დოკუმენტის – სამშვიდობო გეგმის – მომზადება ყველა თემატური კონფერენციის შედეგებზე დაყრდნობით.

„კონფერენციის ფარგლებში ჩვენმა დელეგაციამ ჯასტინს „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა და დღეს მან მისი მხარდაჭერა დაადასტურა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.