პოლონეთის ვიცე-პრემიერმა კშიშტოფ გავკოვსკიმ, „ახალი მემარცხენე პარტიის“ წარმომადგენელმა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის რუსეთთან ომში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა.
გავკოვსკის თქმით, უკრაინის ხელისუფლება, განსაკუთრებით კი პრეზიდენტი ზელენსკი, პოლონეთის მიმართ უსამართლოდ იქცევა.
„მრჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ბოლო სიტყვები არ არის ღირსეული პოლიტიკოსისთვის, რომელიც პოლონეთთან ვალშია. [უკრაინას] გადავეცით აღჭურვილობა, მოქალაქეებს გავუფრთხილდით, პოლონეთი უკრაინის დიდი მეგობარია, სატრანსპორტო კვანძია. მე მგონია, რომ ასეთ სიტუაციაში ერთმა მხარემ მეორეს მადლობა უნდა უთხრას და არა შარი მოსდოს“, – განაცხადა პოლონეთის ვიცე-პრემიერმა.
ამ კონტექსტში მან გაიხსენა ზელენსკის მოწოდებები პოლონეთისთვის, ჩამოეგდო რუსული რაკეტები და დრონები უკრაინის ტერიტორიაზე.
„ზელენსკის სურს, პოლონეთმა უკრაინის თავზე რაკეტები ჩამოაგდოს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სურს, პოლონეთი ომში ჩაერთოს და რუსეთთან იბრძოლოს. მე არ ვეთანხმები ასეთ განცხადებებს“, – დასძინა პოლიტიკოსმა.