სლოვაკეთის პრეზიდენტმა პიტერ პელეგრინიმ უკრაინის ჯარში მსახურების შესახებ სლოვაკეთის ოთხი მოქალაქის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე სლოვაკეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ, რომელიც ამ თანამდებობას 2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყების მომენტში იკავებდა, სლოვაკეთის რამდენიმე მოქალაქის მოთხოვნა უკრაინის არმიაში მსახურების შესახებ დააკმაყოფილა.
სლოვაკეთში პრეზიდენტის თანხმობის გარეშე უცხო ქვეყნის ჯარში მსახურება სისხლის სამართლის დანაშაულია, რისთვისაც დამნაშავეს პატიმრობა ემუქრება.
საპრეზიდენტო კამპანიის დროს პელეგრინი მხარს უჭერდა ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს პოზიციას სახელმწიფო რეზერვიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების შესახებ, თუმცა წარსულში ის კიევის სამხედრო დახმარებას ემხრობოდა.
მიმდინარე წლის აპრილში პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მან განაცხადა, რომ ორი წლის განმავლობაში მიმდინარე უშედეგო სამხედრო კონფლიქტის მხარდაჭერა ტრაგედიაა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ნება დართო 60 ჩეხს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდნენ.