მოსკოვში, დომოდევოს ეროპორტში დააკავეს სომხეთის მოქალაქე არნენ ბალიანი, რომელიც რუსული მხარის ცნობით, უკრაინის სასარგებლოდ საბრძოლო მოქმედებებში იყო ჩართული დაქირავებული მებრძოლის სტატუსით.
ამის შესახებ TASS რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.
„ბალიანი დომოდევოს აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდა. დაკითხვის დროს, ბალიანმა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ აღიარა, გამოძიებას ამომწურავი ჩვენება მისცა, დაადასტურა გამოძიების შედეგად მანამდე დადგენილი ფაქტები შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული პირის სტატუსით მონაწილეობის შესახებ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოძიების მიხედვით, 2022 წლის ნოემბერში, არმენ ბალიანი მოლდოვის საზღვრიდან შევიდა უკრაინაში, სადაც 2023 წლის დეკემბრამდე, ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფების შემადგენლობაში, ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ მონაწილეობდა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“, ასევე ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
„გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2024 წლის აგვისტოში ბალიანს დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი, როგორც დაქირავებულ მებრძოლს და მასზე ძებნა გამოცხადდა“, – წერს გამოცემა.
ბრალდებულის თქმით, მას მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა აქვს.
რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ ბალიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
როგორც საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, საქმეზე გრძელდება გამოძიება, რათა დადგინდეს ის გარემოებები და მიზნები, რის გამოც ბალიანი რუსეთის ტერიტორიაზე ჩავიდა.