გეოპოლიტიკური ვითარება ახლა იმდენად დაძაბულია, აშშ-ს არ აქვს შესაძლებლობა საერთაშორისო არენაზე იზოლაციონისტური პოლიტიკა გაატაროს. თუ აშშ საერთაშორისო ასპარეზზე დაკარგავს ინიციატივას, ამით ისარგებლებენ მეტოქეები – ჩინეთი და რუსეთი. ეს ეხება ეკონომიკასაც, ამიტომ ტრამპი იძულებული იქნება ყურადღება გაამახვილოს საგარეო პოლიტიკაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის თავის დაპირებებს ვერ შეასრულებს.
ორი წლის შემდეგ, ისევ იქნება არჩევნები კონგრესში და სავარაუდოა, რომ „დემოკრატებმა“ მოიგონ წარმომადგენლობითი პალატაც და სენატიც. ამ ორი წლის განმავლობაში ტრამპი რომ ვერ შეასრულებს თავის დაპირებებს, ცხადია და ამით მისი ამომრჩეველი უკმაყოფილო იქნება. თუ „რესპუბლიკელებმა“ წარმომადგენლობითი პალატა მოიგეს, ფაქტობრივად ტრამპს სრული კარტ-ბლანში მხოლოდ ორი წლით ექნება.
ეს ორი წელი ძალიან რთული იქნება აშშ-სთვის როგორც საერთაშორისო პოლიტიკაში, ისე საშინაო პოლიტიკაში. ასე იქნება იმის გამო, რომ აშშ-ში ტრამპის საპირწონე ძალა არ იქნება. რადგანაც ტრამპს არა აქვს საგარეო პოლიტიკაში მოქმედების გეგმა, სავარაუდოდ, ბევრ შეცდომას დაუშვებს და იმ პრობლემებს, რომელიც დღეისთვის არსებობს, დაემატება ახალი პრობლემები. მხედველობაში მაქვს დაძაბულობა აშშ-სა და ევროკავშირს შორის, აშშ-სა და ჩინეთს შორის.
რუსეთი, როგორც ჩინეთის მოკავშირედ განიხილება, მაგრამ ტრამპის გეგმა რუსეთის მიმართ ისაა, რომ მიიზიდოს რუსეთი და მოწყვიტოს ჩინეთს. საქმე ისაა, რომ ეს გეგმა აბსოლუტურად არარეალისტურია. რუსეთი იმდენადაა დამოკიდებული ჩინეთზე, რომ ტრამპმა კრემლს რაც არ უნდა შესთავაზოს, რუსეთი ჩინეთთან კონფრონტაციაზე არ წავა.
ტრამპი არაპროგნოზირებადია, საგარეო პოლიტიკაში დღეს ისედაც ქაოსია. ასეა იმიტომ, რომ მსოფლიოს ლიდერი არ ჰყავს. ეს როლი აშშ-ს დაკარგული აქვს. სხვა ლიდერი ჯერ არ გამოჩენილა.
ტრამპის არაპროგნოზირებადი საგარეო პოლიტიკის შედეგი იქნება ის, რომ საგარეო პოლიტიკაში დღეს არსებული ქაოსი კიდევ უფრო გაღრმავდება და გაგრძელდება. ამიტომ ვამბობ, რომ დღეს არსებულ კონფლიქტებს კიდევ ერთი დაემატება. არაა გამორიცხული ჩინეთის შეტევა ტაივანზე და კიდევ სხვა პრობლემები. ეს შესაძლოა მოხდეს იმის გამო, რომ ტრამპს არა აქვს ჩამოყალიბებული მკაფიო პოზიცია მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან არც ერთ საკითხში.
ვვარაუდობ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება. პრეზიდენტი ჰარისი რომ გამხდარიყო, აშშ-სა და ევროკავშირის პოზიცია საქართველოზე იქნებოდა ერთიანი, მათ შორის ისეთ საკითხში, როგორიცაა არჩევნების ჩატარების გამოძიება და ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე გაგრძელდებოდა. ახლა ჩვენ ის უნდა გვახსოვდეს, რომ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 2025 წლის 20 იანვარში შეუდგება. ამიტომ, ვფიქრობ რომ მანამდე ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს, რადგან „დემოკრატების“ გუნდი ახლა არაფერს არ კარგავს. „დემოკრატები“ იმ საკითხებში, რომლებშიც აქამდე საგარეო პოლიტიკაში თავს იკავებდნენ, ახლა უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებენ, ეს მათ შორის საქართველოსაც შეეხება.
ავთანდილ წულაძე, პოლიტოლოგი (“ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში)