აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, ინაუგურაციამდეც დაიწყოს უკრაინაში ომის დასრულების „სამშვიდობო გეგმის“ მომზადება და მისი პირველი ეტაპი შეიძლება იყოს არასაჯარო მოლაპარაკებები რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან. ამის შესახებ LIGA.net-ს ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსმა პიტერ დიკინსონმა განუცხადა.
„შეგვიძლია ველოდოთ, რომ ტრამპის პირველი ნაბიჯი მისი „სამშვიდობო გეგმის“ განხორციელებაში იქნება პუტინთან მოლაპარაკებებისთვის საფუძვლის ჩაყრის მცდელობა“, – თქვა მან.
ანალიტიკოსის აზრით, ასეთი მოლაპარაკებების შედეგი შეიძლება იყოს შეთანხმების პროექტი, რომელიც წარედგინება უკრაინას.
„კიევი შეიძლება დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს ამ პირობებს, მაგრამ მეორე შემთხვევაში შეერთებულმა შტატებმა შეიძლება შეწყვიტოს უკრაინის მხარდაჭერა“, – მიიჩნევს დიკინსონი.
დიკინსონის განცხადებით, ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი დაინტერესდება, რომ კიევმა ძალის პოზიციიდან ისაუბროს.
გავლენიანი გამოცემა WSJ-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ტრამპის „სამშვიდობო გეგმა“ გულისხმობს უკრაინის ნატოს წევრობაზე 20 წლით უარის თქმას და ფრონტის ხაზის გაყინვას. სანაცვლოდ, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის მხარდაჭერას და იარაღის მიწოდებას.
ამასთან, The Times-ი წერდა, რომ აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, უკრაინა შეიძლება იძულებული იყოს დათმოს თავისი ტერიტორიები და მოსკოვთან მოლაპარაკება დაიწყოს.