პუერტო-რიკოში რეფერენდუმზე აშშ-სთან მიერთების გადაწყვეტილება მიიღეს

პუერტო-რიკოში გამართულ რეფერენდუმზე, სადაც მოსახლეობა აშშ-ში გაერთიანების საკითხს წყვეტდა, უმრავლესობამ თქვა „დიახ“. ამის შესახებ გამოცემა Nuevo Dia იუწყება.

სხვა ვარიანტები იყო დამოუკიდებლობის მოპოვება ან გაფართოებული ავტონომიის სტატუსის შენარჩუნება თვითმმართველობის უფლებით.

აშშ-ში გაერთიანებას რეფერენდუმში მონაწილეთა 56,82%-მა მხარი დაუჭირა. დამოუკიდებლობას ხმა მისცა ამომრჩეველთა 30,85%-მა ხოლო ავტონომიას – კუნძულის მოსახლეობის 12,33%-მა.

ანალოგიური რეფერენდუმი პუერტო-რიკოში 2020 წელსაც ჩატარდა, მაგრამ მაშინ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მისი შედეგები არ გაუთვალისწინებია და პუერტო-რიკომ „არაინკორპორირებული ორგანიზებული ტერიტორიის“ სტატუსი შეინარჩუნა.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია პუერტო-რიკოელების თვითგამორკვევის უფლებას მხარს უჭერს. შესაბამისად, ამ ტერიტორიის აშშ-სთან მიერთების საკითხი, შესაძლოა, კონგრესმა განიხილოს.

პუერტო-რიკო – ამჟამად სუვერენული სახელმწიფო კარიბის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, პუერტო-რიკოს კუნძულზე, რომელიც დიდი ანტილის არქიპელაგის ნაწილია. მას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ვირჯინიის კუნძულები, ხოლო დასავლეთიდან დომინიკელთა რესპუბლიკა. პუერტო-რიკოს აქვს „არაინკორპორირებული ორგანიზებული ტერიტორიის“ სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ მოცემული ტერიტორია არის აშშ-ის მმართველობის ქვეშ (ის არ წარმოადგენს ამერიკის ტერიტორიას), ტერიტორიაზე შეზღუდული სტატუსით მოქმედებს აშშ-ის კონსტიტუცია, ცენტრალური ხელისუფლების ორგანოს წარმოადგენს აშშ-ის კონგრესი. თუმცა ტერიტორიას გააჩნია საკუთარი მმართველობის სისტემაც.

პუერტო-რიკოს აქვს საკუთარი კონსტიტუცია, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოები. კავშირი აშშ-სთან გამოიხატება საერთო მოქალაქეობაში, ვალუტაში და ასევე თავდაცვით საკითხებში. აქტიურად განიხილება თვით ამ ტერიტორიის სამართლებრივი სტატუსი როგორც პუერტო-რიკოში, ასევე აშშ-სა და გაეროში. 2000 წელს, აშშ-ის პრეზიდენტის, ბილ კლინტონის ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა სპეციალური კომისია პუერტო-რიკოს სტატუსის შესახებ. კომისიამ შეიმუშავა დღეს არსებული მოდელი კუნძულის სტატუსის შესახებ და ამით კუნძულის მოქალაქეებს მიენიჭა თვითგამორკვევის უფლება. მათ შეუძლიათ აირჩიონ სამი გზა: 1) გაიმყარონ ის სტატუსი, რაც დღეს აქვთ, 2) გახდნენ აშშ-ის ნაწილი და შტატის უფლებებით შეუერთდნენ მას ან 3) მიიღონ დამოუკიდებლობა.