გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა სამთავრობო კოალიციის დაშლას „ტრაგედია“ უწოდა.
ვიცე-კანცლერმა აღნიშნა, რომ ბოლო კვირებში და დღეებში მას ჰქონდა შთაბეჭდილება, რომ ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი და თავისუფალი დემოკრატიული პარტია „ეძებდნენ გზას, რომ დაეტოვებინათ მთავრობა“.
„ეს არის ტრაგედია და ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, ადრე მედია წერდა, რომ ბოლო დროს გერმანიის სამთავრობო კოალიციის პარტიებს – თავისუფალ დემოკრატებს, სოციალ-დემოკრატებსა და მწვანეებს შორის უამრავ საკითხზე დავა გაღრმავდა, კერძოდ, გერმანიის ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის გზებზე.