უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს მოუწოდა, უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდონ და არა აგრესორთან მოლაპარაკებებისკენ უბიძგონ. ამის შესახებ მან ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზელენსკიმ თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა ლიდერებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის.
„ჩვენ თავს ვიცავთ არა რუსული სიტყვებისგან, არამედ რუსული თავდასხმებისგან, ამიტომ ჩვენ გვჭირდება საკმარისი რაოდენობის იარაღი და არა მხარდაჭერა მოლაპარაკებებში. პუტინთან ჩახუტება არ გამოგადგებათ. ზოგიერთი თქვენგანი უკვე 20 წელია, მას ეხუტება და ყველაფერი უარესდება. ის მხოლოდ ომებზე ფიქრობს და არ შეიცვლება. მხოლოდ ზეწოლას შეუძლია მისი ჩარჩოებში მოქცევა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე განაცხადა, რომ საჭიროა, გამოიყენონ კონცეფცია „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ უკრაინის დათმობების წინააღმდეგ.
„ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო – ეს ომი მიმდინარეობს უკრაინის მიწაზე. უკრაინა მადლიერია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერისთვის, ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი კონსტრუქციული იდეისთვის ჩვენი ქვეყნისთვის სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად.
მაგრამ ეს არის უკრაინა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს რა უნდა იყოს და რა არ უნდა იყოს დღის წესრიგში ამ ომის დასასრულებლად“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.