Edison Research-ის ეგზიტპოლით, გადამწყვეტ შტატებში არჩევნებს კამალა ჰარისი იგებდა, თუმცა ოფიციალური მონაცემები კვლევის შედეგებს არ დაემთხვა და ტრამპმა გაიმარჯვა

კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, Edison Research-ის ეგზიტპოლით, აშშ-ში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ე.წ. მერყევი შტატების უმრავლესობაში „დემოკრატების“ კანდიდატი კამალა ჰარისი იგებდა, თუმცა ოფიციალური მონაცემები კვლევის შედეგებს არ დაემთხვა და ტრამპმა გაიმარჯვა.

დონალდ ტრამპი კამალა ჰარისი

გამოკითხვის მიხედვით, ნევადაში ტრამპს მოსახლეობის 47% უჭერდა მხარს, ხოლო ჰარისს 44%, არიზონაში ტრამპს და ჰარისს 46% თანაბრად უჭერდა მხარს. ჯორჯიაში ტრამპს 46% უჭერდა მხარს, ხოლო ჰარისს – 49%, მიჩიგანში “რესპუბლიკელების” კანდიდატს 45% აძლევდა მხარს, ხოლო ჰარისს 48%. ვისკონსინში ტრამპს 44% უჭერდა მხარს, ჰარისი – 47%. პენსილვანიაში ტრამპს 47% აძლევდა ხმას, ხოლო ჰარისს 46%, ჩრდილოეთ კაროლინაში ტრამპს 43% უჭერდა მხარს, ხოლო ჰარისი – 48%.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემების თანახმად კი, ნევადაში ტრამპს 50,77% დაუჭირა მხარი, ხოლო ჰარისს – 47,36%. არიზონაში ტრამპს 52,47% მისცა ხმა, ხოლო ჰარისს – 46,6%, ჯორჯიაში ტრამპმა ხმების 50,75% მოიპოვა, ხოლო ჰარისმა – 48,51%. მიჩიგანში ტრამპმა ხმების 49,75% მიიღო, ხოლო ჰარისმა – 48,3%. ვისკონსინში ტრამპს 49,71% დაუჭირა მხარი, ხოლო ჰარისს – 48,85%, პენსილვანიაში “რესპუბლიკელების” კანდიდატს 50,52% დაუჭირა მხარი, ხოლო “დემოკრატების” წარმომადგენელს – 48,52%. ჩრდილოეთ კაროლინაში ტრამპმა ხმათა 51,11% მიიღო, ხოლო ჰარისმა – 47,74%.

Edison Research-მა არჩევნების დღეს ეგზიტპოლი ეროვნულ დონეზეც ჩაატარა და ამტკიცებდა, რომ ტრამპს 44% უჭერდა მხარს, ხოლო ჰარისს – 48%.

გარდა ამისა, Edison Research-ის ეგზიტპოლების მიხედვით, ჰარისს ქალთა 53%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო ტრამპს – 45%. ამასთან ერთად, გამოკითხვის მიხედვით, ამერიკის თეთრკანიანი მოსახლეობის 57%-მა ტრამპს მისცა ხმა, ხოლო 41% – ჰარისს. რაც შეეხება ფერადკანიან მოსახლეობას, 85%-მა ჰარისს დაუჭირა მხარი, ხოლო 13% – ტრამპს.

ესპანურენოვანი მოსახლეობის 46%-მა ტრამპს მისცა ხმა, ხოლო 52% – ჰარისს. ტრამპმა 60%-იანი მხარდაჭერა თეთრკანიან მამაკაცებში მოიპოვა, ხოლო ჰარისმა 37% მიიღო.

ამერიკის თეთრკანიან ქალთა 45%-მა ჰარისს დაუჭირა მხარი, ხოლო 53% – ტრამპს. ჰარისს შავკანიან მამაკაცთა 77%-მა დაუჭრა მხარი, ხოლო ტრამპს – 21%. გამოკითხვის თანახმად, შავკანიან ქალთა 91%-მა ჰარისს დაუჭირა მხარი, ხოლო 7% – ტრამპს. ტრამპს ესპანურენოვანი მამაკაცების 55%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო ჰარისს – 43%. ეგზიტპოლის თანახმად, ესპანურენოვანი ამერიკელი ქალების 38%-მა ტრამპს დაუჭირა მხარი, ხოლო 60% – ჰარისს.

18-29 წლამდე ასაკის მქონე მოსახლეობის 43%-მა საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპს დაუჭირა მხარი, ხოლო 54% – ჰარისს. 65 წელს ზემოთ მოსახლეობის 49%-მა ჰარისს მისცა ხმა, იგივე რაოდენობის ადამიანმა ტრამპს დაუჭირა მხარი. 45 წელს ზემოთ მოსახლეობის 52%-მა ტრამპს დაუჭირა მხარი, ხოლო 46% – ჰარისს.

45 წელს ქვემოთ ამერიკის მოსახლეობის 51%-მა ჰარისს დაუჭირა მხარი, ხოლო 46% – ტრამპს. უმაღლესი განათლების არმქონე მოსახლეობის 56%-მა ტრამპს დაუჭირა მხარი, ხოლო 42% – ჰარისს. რაც შეეხება უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობას, 55%-მა მხარი ჰარისს დაუჭირა, ხოლო 42% – ტრამპს.