ამსტერდამის პოლიციამ განაცხადა, რომ 5 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს და 62 დააკავეს მას შემდეგ, რაც მეამბოხეებმა განახორციელეს აშკარად ორგანიზებული თავდასხმა ისრაელელ გულშემატკივრებზე ამსტერდამში.
მედია წერს, რომ თავდასხმები დაგმეს ისრაელმა და ჰოლანდიელმა პოლიტიკოსებმა.
პოლიცია X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აცხადებს, რომ დაიწყო სერიოზული გამოძიება ძალადობრივ ინციდენტებზე. პოსტი არ შეიცავს დამატებით დეტალებს ხუთშაბათს ღამით მომხდარი ძალადობის შედეგად დაშავებულთა ან დაკავებულთა შესახებ.
შეგახსენებთ, ისრაელის ფეხბურთის გუნდის გულშემატკივრებს ამსტერდამში თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა. ამასთან, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 3 ისრაელელი დაკარგულად ითვლება.