აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა 8 ნოემბერს გაასაჯაროვა საქმის დეტალები, რომელიც დაკავშირებულია ირანის მიერ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობის მომზადებასთან.
იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქმეში 51 წლის ირანელი ფარჰად შაკერი ფიგურირებს, რომელიც ამჟამად თავისუფალია და სავარაუდოდ, ირანში იმყოფება, ასევე, ნიუ-იორკის ორი მკვიდრი – 49 წლის კარლაილ რივერა და 36 წლის ჯონათან ლოადჰოლტი – რომლებიც უკვე დააკავეს.
გამოძიების თანახმად, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა (IRGC) შაკერს დაავალა, აშშ-ში ირანის რეჟიმის კრიტიკოსებისთვის თვალყური ედევნებინა და, საჭიროების შემთხვევაში, ისინი გაენადგურებინა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ფარჰად შაკერი ირანის რევოლუციური გვარდიის აგენტია, რომელიც ამჟამად თეირანში ცხოვრობს. ის ბავშვობაში ემიგრაციაში წავიდა შეერთებულ შტატებში და ყაჩაღობის ბრალდებით 2008 წელს ქვეყნიდან გააძევეს, ამიტომ შეთქმულებისთვის მან აშშ-ში მყოფი რივერა და ლოადჰოლტი გამოიყენა.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) შაკერის ამერიკელი თანამზრახველები დააკავა.
FBI-ის აგენტები ფარჰად შაკერს გაესაუბრნენ. მან სამართალდამცავებს უთხრა, რომ შეერთებულ შტატებში მყოფი სხვა ამერიკელი და ისრაელელი მოქალაქეების მკვლელობის ბრძანებები მიიღო. მისივე თქმით, 2024 წლის 7 ოქტომბერს მას დონალდ ტრამპის მკვლელობის გეგმის მოკლე ვადებში მომზადება დაევალა.
„ინტერვიუს დროს შაკერი ამტკიცებდა, რომ არ აპირებდა ტრამპის მკვლელობის გეგმის წარდგენას ირანის რევოლუციური გვარდიის მიერ დადგენილ ვადებში“, – ნათქვამია იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.
სამივე ეჭვმიტანილს ბრალი ედება შეკვეთით მკვლელობაში (10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა), შეთქმულებაში შეკვეთით მკვლელობის ჩადენის მიზნით (10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა) და ფულის გათეთრების მიზნით (20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა).