Reuters: ისრაელელ გულშემატკივრებზე თავდასხმის შემდეგ ამსტერდამში დემონსტრაციები დროებით აიკრძალა

ამსტერდამში პარასკევიდან, 8 ნოემბრიდან, დემონსტრაციები 3 დღით აიკრძალა მას შემდეგ, რაც გასულ ღამეს ისრაელის ფეხბურთის გუნდის გულშემატკივრებს თავს დაესხნენ. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

არეულობა ამსტერდამში

მომხდარს ქალაქის მერი ფემკე ჰალსემა გამოეხმაურა და მას „ანტისემიტური თავდასხმა“ უწოდა. მისივე თქმით, ისრაელელი გულშემატკივრების დასაცავად სპეცრაზმი ჩაერია და ისინი სასტუმრომდე მიაცილეს. ინციდენტის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობდა.

ამსტერდამში დემონსტრაციები შაბათ-კვირას აიკრძალა და არეულობის საპასუხოდ პოლიციას საგანგებო გაჩერებისა და ჩხრეკის უფლებამოსილება მიეცა. ქალაქში, სადაც შაბათს ებრაულ ძეგლთან მსახურება იყო დაგეგმილი, უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.

ცნობისთვის, 7 ნოემბრის ღამეს საფეხბურთო კლუბ მაკაბი თელ-ავივისა და აიაქსს ამსტერდამს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ისრაელის ფეხბურთის გუნდის გულშემატკივრებს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა, ამდენივე პირს კი ოჯახები ამ დრომდე ვერ უკავშირდებიან.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ ისრაელი აგზავნის თვითმფრინავებს ნიდერლანდებში გულშემატკივრების სახლში დასაბრუნებლად.

ამსტერდამის პოლიციის განცხადებით, დაკავებულია არეულობაში მონაწილე 62 ადამიანი.