დონალდ ტრამპისა და „რესპუბლიკური პარტიის“ გამარჯვება აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს და ამით ყველაზე მეტად უკრაინა დაზარალდება. ამის შესახებ ცნობილმა პოლიტოლოგმა ფრენსის ფუკუიამამ Financial Times-ის სტატიაში დაწერა.
„უკრაინა, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ზარალდება; მისი სამხედრო ბრძოლა რუსეთთან არჩევნებამდეც სუსტი იყო და ტრამპს შეუძლია ის აიძულოს, რუსეთის პირობებს დათანხმდეს იარაღის მიწოდების შეფერხებით, როგორც ეს რესპუბლიკელთა წარმომადგენელთა პალატამ გასულ ზამთარს ექვსი თვის განმავლობაში გააკეთა“, – დაწერა მან.
ფუკუიამა ასევე შეშფოთებულია ტრამპის მუქარით ამერიკის ნატოდან გაყვანის შესახებ, რაც მან ადრე პირად საუბრებში გააჟღერა. ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ალიანსიდან აშშ-ის გასვლის გარეშეც კი ტრამპს შეუძლია სერიოზულად დაასუსტოს ნატო, კერძოდ კი უარი თქვას, შეასრულოს მე-5 მუხლი, რომელიც წევრი ქვეყნების ურთიერთდაცვას ეხება.
„არ არსებობს ევროპელი ჩემპიონები, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ ამერიკა, როგორც ალიანსის ლიდერი, ამიტომ მისი მომავალი შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს რუსეთსა და ჩინეთს, დიდი ეჭვის ქვეშაა. პირიქით, ტრამპის გამარჯვება სხვა ევროპელ პოპულისტებსაც შთააგონებს, როგორებიცაა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და „ეროვნული გაერთიანება“ საფრანგეთში“, – წერს ფუკუიამა.
ანალიტიკოსის აზრით, აშშ-ის მოკავშირეები და მეგობრები აღმოსავლეთ აზიაში ასევე უნდა შეშფოთდნენ ტრამპის აღზევებით. ფუკუიამა აღნიშნავს, რომ ტრამპი, ჩინეთის მიმართ მისი მკაცრი რიტორიკის მიუხედავად, დიდად აღფრთოვანებულია სი ძინპინით, როგორც ქვეყნის ლიდერით. ამიტომ, პოლიტოლოგი შიშობს, რომ ტრამპმა შესაძლოა ჩინეთის ლიდერთან ტაივანთან დაკავშირებით გარკვეული შეთანხმება დადოს.
„როგორც ჩანს, ტრამპი ბუნებრივად არ არის მიდრეკილი სამხედრო ძალის გამოყენებისკენ და ადვილად მანიპულირებს. მაგრამ ერთ-ერთი გამონაკლისი შეიძლება იყოს ახლო აღმოსავლეთი, სადაც ის, სავარაუდოდ, გულწრფელად უჭერს მხარს ბენიამინ ნეთანიაჰუს ომებს „ჰამასის“, „ჰეზბოლას“ და ირანის წინააღმდეგ“, – აჯამებს პოლიტოლოგი.