ნეთანიაჰუს თქმით, ტრამპს გამარჯვების შემდეგ 3-ჯერ ესაუბრა და მათი ხედვები ირანიდან მომდინარე საფრთხესთან დაკავშირებით, თანხვედრაშია

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ სამჯერ ესაუბრა და მათი ხედვები ირანიდან მომდინარე საფრთხესთან დაკავშირებით, სრულ თანხვედრაშია.

დონალდ ტრამპი და ბენიამინ ნეთანიაჰუ

ნეთანიაჰუს თქმით, ეს საუბრები „გამიზნული იყო ისრაელსა და აშშ-ს შორის ძლიერი ალიანსის კიდევ უფრო გამყარებისკენ“.

მისივე თქმით, ირანის გარდა, საუბარი შეეხო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, მშვიდობის მიღწევის კუთხით.

„ირანიდან მომდინარე საფრთხესთან დაკავშირებით ჩვენი ხედვები თანხვედრაშია ყველა კომპონენტში. ჩვენ ასევე ვხედავთ ისრაელის წინაშე არსებულ დიდ შესაძლებლობებს მშვიდობის გავრცობის და სხვა მიმართულებებით“, – ამბობს ნეთანიაჰუ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.