აფხაზური ტელეგრამის არხები ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავების შესახებ იუწყებიან. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ რესპუბლიკაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია გუდაუთიდან, საჯარო შეხვედრიდან დაბრუნებისას დააკავეს და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს.
ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. დაკავებულების ახლობლები, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები შეიკრიბნენ და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
„დაკავების მიზეზების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. არც ერთი სამართალდამცველი არ გამოდის ხალხის წინაშე და შესაბამისად, არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში უშვებენ. სიტუაცია მწვავდება. შეკრებილები ახსნა-განმარტებას ითხოვენ“.
ვრცელდება დაკავების კადრებიც. დაკავებაში ე.წ უშიშროების 10-ზე მეტი თანამშრომელი იღებდა მონაწილეობას.
ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ვითარება პერიოდულად იძაბება. უცნობმა პირმა მანქანა ღობეს შეაჯახა.