ოკუპირებულ აფხაზეთში 11 ნოემბერს დაკავებული აქციის მონაწილეთა ნათესავებმა სოხუმისკენ მიმავალი ყველა ცენტრალური გზა ისევ გადაკეტეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
აქციის მონაწილეებს ბლოკირებული აქვთ მდინარე გუმისთაზე გამავალი ორი ხიდი და კოდორის ხიდი, შესაბამისად სოხუმში ჩასვლა როგორც გულრიფშის, არც ახალი ათონის მხრიდან შეუძლებელია.
კოდორის ხიდი ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების შემდეგ რამდენიმე საათით გაიხსნა, მაგრამ მათი მოთხოვნა არ შესრულდა და 10 საათამდე ე.წ. პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები არ გაათავისუფლეს. შესაბამისად, ხიდი ისევ გადაიკეტა.
ერთადერთი, რასაც აქციის მონაწილეები დათანხმდნენ, მათ გუმისთის ხიდით საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაატარეს. კერძო ავტომობილებისთვის ხიდი ისევ ჩაკეტილია.
ბოლო მოვლენების გამო სოხუმის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ 11 ნოემბერს ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა ჩაატარა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს შესაბამისი დავალებები მისცა.