ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავების შემდეგ მომხდარი არეულობის გამო, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა. ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დიმიტრი კუჭუბერიამ მომხდარს „მასობრივი არეულობა“ უწოდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.
გასულ ღამეს ოპოზიციონერებმა დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით სოხუმის რეგიონში გუმისთას ხიდი გადაკეტეს.
„მოვითხოვთ, გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიკაციას“, – აცხადებდნენ ისინი.
„რესპუბლიკური გზატკეცილის უკანონო გადაკეტვით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა“, – აცხადებენ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა მოხსენება გააკეთეს იმ ზომების შესახებ, რომლებიც კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თავიდან ასაცილებლად მიიღეს“.
გენერალურმა პროკურორმა ადგურ აგრბამ განაცხადა, რომ 11 ნოემბერს, ნაშუადღევს, ე.წ. „პარლამენტის რიგგარეშე სხდომის შემდეგ, სახალხო კრების შენობის ეზოში ხუთმა მოქალაქემ ჩაიდინა უკანონო ქმედებები რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატის მიმართ“. მანამდე ტელეგრამის არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საუბარი იყო დეპუტატ ალმას აქაბაზე.
გენერალურმა პროკურორმა დასძინა, რომ ინციდენტში მონაწილე პირები დააკავეს, იუწყება ინტერფაქსი.
„მოგვიანებით, დაკავებულთა ახლობლებმა და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა სცადეს ძალადობრივი შეღწევა აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით, რაც სამართალდამცავებმა შეაჩერეს“, – განაცხადა აგრბამ.
ოპოზიცია აცხადებს, რომ დაკავება უკანონო და არაპროპორციული იყო. დაკავებულები არიან ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია.
აქციის მონაწილეები ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც ჭიშკარი ავტომობილით გაარღვიეს. მოგვიანებით თავისუფლების მოედანზე გადავიდნენ და გუმისთას ხიდი გადაკეტეს. აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის შენობასთან სამხედრო ტექნიკა აიყვანეს.