საუდის არაბეთის სამეფოს მემკვიდრის, მუჰამედ ბინ სალმანის თქმით, ისრაელი ღაზას სექტორში „გენოციდს“ ახორციელებს. როგორც BBC წერს, ეს, ომი დაწყების შემდეგ, არაბეთის ოფიციალური პირის მიერ ისრაელის მისამართით გაკეთებული ყველაზე მკაცრი შეფასებაა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, არაბი და მუსლიმი ლიდერების სამიტზე გამოსვლისას, პრინცმა ასევე გააკრიტიკა ისრაელის იერიშები ლიბანსა და ირანზე.
„საუდის არაბეთის ფაქტობრივ ლიდერს შეუერთდნენ სამიტზე დამსწრე სხვა ლიდერებიც, რომლებიც დასავლეთ სანაპიროდან და ღაზას სექტორიდან ისრაელის ჯარების სრული გაყვანის მოწოდებით გამოვიდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ფაისალ ბინ ფარჰანის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ღაზაში ომი არ შეჩერებულა, „საერთაშორისო საზოგადოების მარცხია“.