რუსეთის დუმამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც „უშვილობის პროპაგანდას“ კრძალავს – ვინ არიან ნებაყოფლობითი უშვილოები?

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ მეორე და მესამე, საბოლოო მოსმენით კანონპროექტი მიიღო, რომელიც კრძალავს ეგრეთ წოდებულ უშვილობის პროპაგანდას {ჩაილდფრი}

რუსეთის დუმა

როგორც რუსული მედია წერს, კანონი კრძალავს „უშვილობის პროპაგანდის“ შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ინტერნეტში, მედიაში, კინოსა და რეკლამებში.

სოციალურ ქსელებს მოეთხოვებათ ბავშვებზე უარის თქმის პროპაგანდასთან დაკავშირებული შინაარსის მოდერაცია. დარღვევის შემთხვევაში, ასეთი ინფორმაციის შემცველი რესურსები Roskomnadzor-ის აკრძალული საიტების რეესტრში მოხვდებიან.

ფილმებს, რომლებიც შეიცავს უშვილობის იდეოლოგიასთან დაკავშირებულ სცენებს, ჩამოერთმევათ სერტიფიკატი.

ასევე დამტკიცდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სამონასტრო ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის დაუქორწინებლობა და შვილების გაჩენაზე უარის თქმა, კანონს არ დაექვემდებარება.

„აკრძალვის დარღვევისთვის ჯარიმები 100 000 {2700 ლარი} რუბლიდან 4 მილიონ რუბლამდე {111 000 ლარამდე} მერყეობს. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გათვალისწინებულია იგივე ჯარიმები, რაც რუსებისთვის, მაგრამ შემდგომი ადმინისტრაციული განდევნით რუსეთიდან“, – წერს რუსული მედია.

ინფორმაციისთვის, ნებაყოფლობით უშვილოები (Childfree) არიან ადამიანები, რომელთაც შეგნებულად გადაწყვიტეს შვილები არ იყოლიონ.

ინგლისურიდან „ჩაილდფრი“ ითარგმნება, როგორც „ბავშვისგან თავისუფალი“. ეს ის ხალხია, რომლებმაც შეგნებულად თქვეს უარი შვილის ყოლაზე. მათ არ მიეკუთვნებიან ისინი, რომელთაც შვილის ყოლა ჯანმრთელობის გამო არ შეუძლიათ.