სერბეთის პრეზიდენტი ტრამპს ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირები ყველა სფეროში გაუმჯობესდება

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ 10 ნოემბრის ღამეს სატელეფონო საუბარი ჰქონდა შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებთან „ყველა სფეროში“ კავშირების გაუმჯობესებას მოელის. ამის შესახებ ვუჩიჩმა საკუთარ „ინსტაგრამზე“ ისაუბრა.

ალექსანდრ ვუჩიჩი და დონალდ ტრამპი

სერბეთის ლიდერის თქმით, სატელეფონო საუბარი „ძალიან გულითადი“ იყო და დაამატა, რომ ტრამპმა „სერბეთის შესახებ ბევრი იცის“. მან იმედი გამოთქვა, რომ ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის პირობებში სერბეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კავშირები „ყველა სფეროში კიდევ უფრო გაუმჯობესდება“.

ვუჩიჩი ელის, რომ დონალდ ტრამპი სერბეთს ეწვევა, რადგან, მისი თქმით, სერბეთი იყო ქვეყანა, სადაც ტრამპის „[პრეზიდენტად] არჩევის მხარდაჭერა ყველაზე მაღალი იყო მთელ ევროპაში“.

„პრეზიდენტმა ტრამპმა მადლიერება გამოთქვა იმ უზარმაზარი მხარდაჭერისთვის, რომელიც სერბეთის მოქალაქეებისგან, სერბი ხალხისგან მიიღო“, – განაცხადა ვუჩიჩმა.