აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანისა და რომის პაპ ფრანცისკეს შორის მოულოდნელმა ალიანსმა, შესაძლოა, აიძულოს კიევი რუსეთის ფედერაციასთან დათმობაზე წავიდეს და დაასრულოს უკრაინის იმედები დასავლეთის მხარდაჭერის გაგრძელებაზე, – ამის შესახებ The Independen-ი ვატიკანში უნგრეთის ელჩ ედუარდ ჰაბსბურგ-ლოტრინგენზე დაყრდნობით წერს.
მისი თქმით, რომის პაპი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს შეთანხმების მხარდასაჭერად, რომლის ფარგლებშიც დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, აიძულებს უკრაინას ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს რუსეთის მიმართ.
„ამერიკის ელექტორატის გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენ ნამდვილად გვაქვს დიდი იმედი, რომ უნგრეთ-ამერიკის პოლიტიკური თანამშრომლობა თავის ადგილს დაუბრუნდება. მჯერა, რომ არსებობს შანსი, რომ მშვიდობა საბოლოოდ დაბრუნდება უკრაინაში“, – აღნიშნა უნგრელმა დიპლომატმა.
მედიის ცნობით, როგორც ჩანს, რომის პაპი ფრანცისკე გეგმავს შეუერთდეს ტრამპ-ორბანის ალიანსს. ის ცოტა ხნის წინ ეწვია უნგრეთს. ახლა, ომის ადრეული დასრულების შესახებ საერთო ხედვით, ბუდაპეშტი მოელის, რომ რომის პაპი მხარს დაუჭერს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელსაც ეწინააღმდეგება ნატოს ყველა სხვა დასავლელი მოკავშირე.
„ბოლო წლებში უნგრეთი მარტო იბრძოდა ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტისთვის და უკრაინაში მშვიდობისთვის. ერთადერთი მოკავშირე იყო წმინდა მამა რომის პაპი ფრანცისკე. ჩვენ გვყავს მოკავშირე, რომელმაც ნათლად თქვა, თუნდაც თავის საარჩევნო გამოსვლაში, რომ მას სურს ომების დასრულება“, – განაცხადა უნგრეთის ელჩმა ვატიკანში.