საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ექსპორტის ზრდის საკმაოდ მყარი დინამიკა ნარჩუნდება. კერძოდ, 2024 წლის ოქტომბერში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, 39 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 681.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„ზოგადად, ოქტომბრის თვეში ექსპორტის საკმაოდ მაღალი ზრდა ფიქსირდება. იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებლით კი ზრდა შვიდ პროცენტს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის მოცულობა რეკორდულია და დაახლოებით 5.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.
ამასთან, ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, ქვეყანაში იზრდება სავალუტო შემოდინებები, მათ შორის, არამხოლოდ ექსპორტის ხარჯზე – ზრდა ფიქსირდება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მხრიდანაც.
როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, ასევე საკმაოდ ძლიერია სავალუტო შემოდინებები მომსახურების ექსპორტიდან, რაც, საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებზე.
„ქვეყანაში მაკროეკონომიკური ფუნდამენტები საკმაოდ ძლიერია, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. ინფლაცია მიზნობრივ დონეზე ქვემოთ ნარჩუნდება, რაც გვაძლევს პოზიტიური მოლოდინის საფუძველს, რომ მომავალ თვეებსა და წლებში საქართველო შეინარჩუნებს იმაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მაკროეკონომიკური პარამეტრები გაცილებით ჯანსაღია 2024 წლის განმავლობაში და არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ მოხდა მათი ზრდის მიმართულებით გადახედვა. ეს პოზიტიური სიგნალია არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც“, – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ 2023 წელს ექსპორტისა და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა – ექსპორტი ცხრა პროცენტით გაიზარდა და 6.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვის ზრდამ 13.4 პროცენტი შეადგინა და 21.7 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.