მარია ზახაროვა: მოსკოვი რუსეთის სიღრმეებზე კიევისთვის დარტყმის ნებართვას ნატოსთან კონფლიქტში შესვლად მიიჩნევს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი რუსეთის ფედერაციის სიღრმეებზე კიევისთვის დარტყმის ნებართვის მიცემას ნატოს ქვეყნებთან პირდაპირ შეიარაღებულ კონფლიქტში შესვლად მიიჩნევს.

მარია ზახაროვა

ამასთან, კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა გაერთიანებული კულტურების ფორუმის პლენარულ სესიაზე გამოსვლის დასასრულს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დასავლური იარაღით შორ მანძილზე დარტყმის შესაძლო გადაწყვეტილების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

„რუსეთის ფედერაციაზე შორ მანძილზე დარტყმის განხორციელების ნებართვა კონფლიქტში ნატოს უშუალო ინტერვენციის ტოლფასია“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, თუ გადაწყვეტილება მიიღება, ეს კონფლიქტის არსს, ხასიათს შეცვლის და ეს ნიშნავს, რომ ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომში არიან.