ტრამპის მმართველობის პერიოდში, შესაძლოა, ჯერ არნახული კატაკლიზმები მოხდეს; მსოფლიოს მთავარი თავსატკივარი ისევ ახლო აღმოსავლეთი ხდება

დონალდ ტრამპი არც თუ უსაფუძვლოდ ამაყობს იმით, რომ მისი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში, 2017-2021 წლებში, შეერთებულ შტატებს არც ერთი ომი არ გაუჩაღებიათ მსოფლიოს მასშტაბით – განსხვავებით მე-20 და 21-ე საუკუნის ყველა სხვა, წინამორბედი პრეზიდენტისაგან.

ტრამპი ასევე დაჰპირდა თავის ხალხს და მსოფლიო საზოგადოებრიობასაც, რომ დაასრულებს დღეს არსებულ დიდ ომებს, უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში.

თუმცა ისმის კითხვა: რამდენად გულწრფელია ტრამპი – მან არ გააჩაღა ომები თუ უბრალოდ, ერთი საპრეზიდენტო ვადის დროს, ვერ მოასწრო? მით უმეტეს, რომ ტრამპს არ გამოუყვანია ამერიკული ჯარები ავღანეთიდან, თუმცა ეს შეეძლო. შესაბამისად, მან ერთი ომი, რომელიც ერთგვარ მხრჩოლავ ფაზაში იყო და რომლის დასრულება შეეძლო, არ დაასრულა. ავღანეთში 20-წლიანი სამხედრო ოპერაციის დასრულება ტრამპის მემკვიდრეს, ჯო ბაიდენს მოუწია, ისიც – იძულებით.

ტრამპიც ისეთივე იმპერიალისტია, როგორც ყველა სხვა ლიდერი შეერთებული შტატებისა. გავიხსენოთ, როგორ  ეპყრობოდა იგი მცირე ქვეყნების ლიდერებს, როგორ დამამცირებელ გარემოში იღებდა იგი მათ. მაგალითად, სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი, ეს ორმეტრიანი კაცი, ოვალური კაბინეტის შუაგულში დასვა სკამზე, თვითონ კი, თავის თანაშემწეებთან ერთად, თავის საწერ მაგიდასთან იჯდა, მოშორებით და, ისე უმზერდა სხვა სუვერენული სახელმწიფოს ლიდერს, როგორც სკოლის მოსწავლეს, რომელიც საგამოცდო კომისიის წინაშე წარსდგა. ასევე გვახსოვს სხვა ლიდერებთან მოპყრობა, მათ შორის, “სამახსოვრო ფოტო” საქართველოს პრემიერ კვირიკაშვილთან, რომელიც წელში მოხრილი იდგა მჯდომარე ტრამპის უკან. პროტოკოლი, რომელიც ტრამპმა შექმნა, ბევრ რამეზე მეტყველებს.

თუმცა მივიღოთ გულწრფელობად ის, რასაც ტრამპი ახლა ამბობს ომების დასრულების შესახებ. აშშ-ის ახლანდელი პრეზიდენტი ცნობილია თავისი რადიკალური მხარდაჭერით ისრაელის მიმართ. მან სხვა სახელმწიფოთა ლიდერებთან კონსულტაციების გარეშე გადაიტანა აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან (ქალაქი, რომელსაც მსოფლიო აღიარებს ისრაელის დედაქალაქად, ისრაელის სახელმწიფოს დაარსების შემდეგ) იერუსალიმში (ქალაქი, რომელსაც ისრაელი თავის “ერთიან და განუყოფელ დედაქალაქად” მიიჩნევს და მას დე ფაქტო აკონტროლებს, თუმცა გაეროს მიერ ეს აღიარებული არ არის), რაც დიპლომატიური ფურორი იყო. ტრამპმა ამ აღარებით მხოლოდ პირველი სერიოზული ნაბიჯი გადადგა ისრაელის ცალმხრივი მხარდაჭერის მიმართულებით, რაც არ შეიძლება, მშვიდობის განმტკიცებისკენ მიმართული ნაბიჯი იყოს.

ამჟამად ისრაელში დიდი კმაყოფილება სუფევს შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის დამაჯერებელი გამარჯვების შედეგად. ისრაელი არც თუ უსაფუძვლოდ ელის ვაშინგტონის მხრიდან მხარდაჭერის გაზრდას და ახალ ხარისხში გადატანას. ეს კი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ისლამურ სამყაროში. მუსლიმური სახელმწიფოები, რომლებსაც ერთმანეთში მუდმივი ქიშპი და კონკურენცია აქვთ, ასევე პირველ ნაბიჯებს დგამენ, თავიანთი პოლიტიკის კოორდინაციისა და ერთმანეთთან დაახლოებისკენაც კი – პალესტინის საკითხის გარშემო.

ამის თაობაზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა რუსეთის ერთ-ერთმა წამყვანმა გეოპოლიტიკოსმა, მთავარმა ევრაზიელმა – ალექსანდრ დუგინმა. პროფესორი დუგინი სწორედ ისლამური სამყაროს გაერთიანების ტენდენციებზე საუბრობს, კონკრეტული ფაქტების მოხმობით. პირველად მოხდა ისე, რომ საუდის არაბეთი მხარს უჭერს ირანის ქმედებებს, სირიის ომის შემდეგ, ასევე პირველი შემთხვევაა, როდესაც თურქეთის ლიდერი ერდოღანი და სირიის ლიდერი ასადი, ერთმანეთის დაუძინებელი მტრები, მოლაპარაკების ერთ მაგიდას უსხედან და ერთმანეთს ეთანხმებიან.

ყველა მათგანი შიშობს, რომ მსოფლიო სიონისტური ლობი აპირებს პალესტინელთა გენოციდს და ყველა მუსლიმის მნიშვნელობით მესამე სიწმინდის – ალ -ქსას მეჩეთის დანგრევას. ეს უკვე აღარ იქნება ლოკალური მასშტაბის კონფლიქტი, ეს მსოფლიო მასშტაბის კატაკლიზმებს და კატასტროფას ნიშნავს.

გახდება თუ არა, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში 11 ნოემბერს გამართული კონფერენცია ახალი ერის დასაწყისი? გახდება თუ არა მუსლიმური სამყარო ერთიანი გეოპოლიტიკური სუბიექტი, დამოუკიდებელი პოლიტიკური პოლუსი, დედამიწაზე?

ამ და სხვა კითხვებს შეძლებისდაგვარად პასუხს სცემს ალექსანდრ დუგინი. აქვე ჩემი მხრიდან დავძენ, რომ მიამიტობა იქნება იმის ფიქრი, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი დიდ გავლენას არ მოახდენს საქართველოს მდგომარეობაზე.

გულბაათ რცხილაძე

აქ ჩვენ ა. დუგინის სტატიის ორიგინალს გთავაზობთ რუსულ ენაზე, სააგენტო “რია ნოვოსტიზე” ბმულით:

Исламский мир стоит на пороге объединения.