აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი სი ძინპინი ერთმანეთს პერუში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში 16 ნოემბერს შეხვდებიან. ინფორმაციას Reuters-ი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველზე ჯეიკ სალივანზე დაყრდნობით ავრცელებს.
“პრეზიდენტმა [ბაიდენმა] იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ აშშ-ს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შეუძლიათ მართონ საკუთარი უთანხმოება და არ დაუშვებენ, რომ პაექრობა კონფლიქტში ან კონფრონტაციაში გადაიზარდოს. მან ეს გააკეთა, უზრუნველყო რა კავშირის ღია ხაზების შენარჩუნება“, – ციტირებს სააგენტო სალივანს.
როგორც Reuters-ი ირწმუნება, ეს იქნება ბაიდენის და სი ძინპინის პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც მათ აპრილში სატელეფონო საუბარი გამართეს.
ორივე ლიდერი საერთო ენის მონახვას ცდილობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტაივანი, სამხრეთ-ჩინეთის ზღვა და რუსეთი. აშშ აგრეთვე ითხოვს, რომ ჩინეთმა შეწყვიტოს ისეთი სახიფათო ინგრედიენტების მიწოდება, როგორიცაა ფენტანილი, რაც ამერიკაში ნარკოტიკებით ზედოზირების მთავარი მიზეზია.
სალივანი არ გამორიცხავს, რომ ბაიდენმა სი ძინპინთან განიხილოს რუსეთ-უკრაინის ომიც, კერძოდ, მასში 10 ათასზე მეტი ჩრდილოკორეელი სამხედროს მონაწილეობის საკითხი.
გარდა ამისა, ბაიდენი შეხვედრაზე გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რომ ჩინეთთან დაკავშირებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა ცოტა ხნის წინ აშშ-ის ჩინოვნიკების პირადი სატელეკომუნიკაციო ქსელები გატეხა