Reuters: ბორელს ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერება სურს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ისრაელთან ღაზის სექტორში მიმდინარე სიტუაციის გამო პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას სთხოვს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჟოზეფ ბორელი

სააგენტო გაეცნო წერილს, რომელიც ბორელმა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს მისწერა. წერილში ბორელი შეშფოთებას გამოთქვამს ღაზაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი წერილში აგრეთვე აღნიშნავს, რომ ისრაელმა დღემდე არ გაითვალისწინა ეს შეშფოთებები. „ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველად შემომაქვს წინადადება იმის შესახებ, რომ ევროკავშირმა ადამიანის უფლებათა დებულების გამოყენებით შეაჩეროს პოლიტიკური დიალოგი ისრაელთან“, – წერს ბორელი.

ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება, თუმცა დიპლომატების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა.

როგორც სააგენტო იუწყება, ევროპელი დიპლომატების ნაწილი ბორელის ამ ინიციატივას არ ეთანხმება. ერთ-ერთმა მათგანმა Reuters განუცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები გაკვირვებულები იყვნენ წინადადების არასათანადო მომზადების გამო.

ბორელის წინადადებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები 18 ნოემბერს განიხილავენ.