ტრამპმა გენერალური პროკურორის კანდიდატურა შეარჩია

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იუსტიციის მინისტრის და გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 42 წლის კონგრესმენი მეთ გეტცი წარმოადგინა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

აშშ-ის გენერალური პროკურორობის კანდიდატი მეთ გეტცი

როგორც ტრამპმა სოციალურ ქსელში Truth Social-ში დაწერა, „მეთი დაიცავს ამერიკის საზღვარს, გაანადგურებს დანაშაულებრივ დაჯგუფებებს და იუსტიციის სამინისტროს მიმართ ამერიკელთა რწმენას დაუბრუნებს“.

გამოცემა Utah News Dispatch-ის ცნობით, გეტცის წარდგენა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე საკმაოდ მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო, რადგანაც მის ქმედებებს წარმომადგენელთა პალატის ეთიკის კომიტეტი იძიებს, სექსუალური დანაშაულის, ნარკოტიკების მოხმარების და ძვირად ღირებული საჩუქრების მიღების გამო. ამასთანავე, თავად გეტსი საკუთარ თავს „კონსერვატიულ ფანატიკოსს“ უწოდებს და მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს.