„აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საჯარო „მეგობრული“ ურთიერთობა კრემლის ლიდერ, ვლადიმერ პუტინთან უფრო ღრმა დაძაბულობას ფარავს“, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
გამოცემა წერს, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის პერიოდში ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა მხოლოდ გაუარესდა.
„პუტინი და ტრამპი ვერ შეთანხმდნენ ძირითად საკითხებზე, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი, უსაფრთხოების თანამშრომლობა და აშშ-ის მხარდაჭერის გაგრძელება უკრაინაში, სადაც რუსული ჯარები 2014 წელს შეიჭრნენ“, – წერს გამოცემა.
ტრამპის პრეზიდენტობის დროს აშშ-ის ყოფილი წარმომადგენელი ნატოში, კურტ ვოლკერი, დარწმუნებულია, რომ არჩეული პრეზიდენტის „თბილი“ სიტყვები პუტინის მიმართ მოლაპარაკებებში ფარავს უფრო მერკანტილურ ტაქტიკას.
„თუ გადახედავთ მის {ტრამპი} პირველ ვადას, სადაც მას „თბილი“ დამოკიდებულება ჰქონდა პუტინის მიმართ, ამის ფონზე, ტრამპმა უკრაინაზე იარაღის ემბარგო გააუქმა“, – ამბობს ვოლკერი.
ამასთან, რუსეთის ვეტერანმა დამკვირვებელმა ანდრეი კოლესნიკოვმა თქვა, რომ პუტინი არ არის მზად რაიმე არსებითი საუბრისთვის შესაძლო სამშვიდობო გეგმის ირგვლივ.
„ის არ არის მზად რაიმე დათმობაზე წასასვლელად“, – ამბობს კოლესნიკოვი.
შეგახსენებთ, პუტინმა საჯაროდ მიულოცა ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო მას შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევა, უკვე ვთქვი, რომ ჩვენ ვიმუშავებთ ნებისმიერ სახელმწიფოს მეთაურთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი ენდობა“, – თქვა კრემლის ლიდერმა.