ბიზნესმენი ალექსანდრე ამაშუკელი მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს თაღლითობაში ადანაშაულებს

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ისევ თაღლითობაში ადანაშაულებენ. საუბარია ხაზარაძის კომპანიის „იმერეთი გრინერის“ დაზარალებულ ინვესტორებზე და დაკარგულ მილიონებზე. განცხადება უკვე პროკურატურაშია.

ბიზნესმენი, რომელიც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს თაღლითობაში ადანაშაულებს ალექსანდრე ამაშუკელია. მისმა ადვოკატმა განცხადებით პროკურატურას უკვე მიმართა და როგორც თავად ამბობენ, განცხადებაში დეტალურად არის აღწერილი მოვლენების განვითარება მამუკა ხაზარაძის გავლენის ქვეშ მყოფი კომპანია „იმერეთი გრინერსა“ და ასევე, მათი გავლენის მყოფ „თიბისი კაპიტალს“ შორის.

ბიზნესმენს დაუკავშირდნენ „თიბისი კაპიტალიდან“ და შესთავაზეს მის ხელთ არსებული თანხა „იმერეთი გრინერში“ დაებანდებინა, ეყიდა ობლიგაციები. ობლიგაციების შეძენის შემდეგ კი, როგორც ბიზნესმენის ადვოკატი ამბობს, გაირკვა, რომ კომპანიას ფინანსური პრობლემები ჰქონდა და საქმე წინასწარ შემუშავებულ სქემას ეხებოდა, რომლის შედეგადაც ბიზნესმენმა მილიონობით დოლარი დაკარგა და საბოლოოდ, ვერც ობლიგაციებიდან მიიღო სარგებელი.

ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მედიასთან ამ დრომდე არ ჩნდებიან, თუმცა, ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია „იმედს“ წერილობითად უპასუხა.

„გამარჯობა, მე არ ვიცნობ ალექსანდრე ამაშუკელს. მასთან არანაირი საქმიანი ან სხვა ტიპის ურთიერთობა არ მქონია და არც მისგან ჩემს მიმართ რაიმე დავის შესახებ არ ვიცი. „იმერეთი გრინერი“ შეგნებულად გააკოტრა ხელისუფლებამ, ამის გამო 3 წელზე მეტია შეგნებულად იჟანგება თანამედროვე სასათბურე მეურნეობა სამტრედიაში და ჰოლანდიელმა ინვესტორებმა დაკარგეს მილიონობით ევრო. ეს ნამდვილად ვიცი. დანარჩენი კი „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩემი გაშავების მცდელობების ფართო კამპანიის ნაწილია. ჩემი რჩევა იქნება ამ სიბინძურეში არ გარიოთ“,- წერს ჯაფარიძე.