რას ცვლის პროცესის დაჩქარება – უპრეცედენტო ინციდენტი ცესკოს სხდომაზე და პარლამენტის პირველი სხდომის ახალი თარიღი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამეტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი კანონდმებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ვადაზე 5 დღით ადრე მიიღო. ამ პროცესს თან ახლდა უპრეცედენტო ინციდენტი უშუალოდ ცესკოს სხდომაზე, საპროტესტო აქცია და შეტაკება პოლიციასთან. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პროცესის დაჩქარებით ხელისუფლება არჩევნების ლეგიტიმაციის დაჩქარებას ცდილობს.

ყოველოივე ამის შედეგად შეიცვალა ახალი პარლამენტის პირველი სხდომის სავარაუდო თარიღიც. კანონმდებლობის თანახმად, პირველი სხდომა შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მაქსიმუმ 10 დღეში უნდა გაიმართოს. შესაბამისად, ეს თარიღი 26 ნოემბერია.

შაბათს გამართულ ცესკოს სხდომაზე კომისიაში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს „შავი ლაქა” უწოდა და სახეში შავი საღებავი შეასხა. ამას შეხლა-შემოხლა და აურზაური მოჰყვა. სხდომა დაახლოებით 40 წუთით შეწყდა, რის შემდეგაც კალანდარიშვილი სხდომაზე ახვეული თვალით დაბრუნდა, რაც, დიდი ალბათობით, ინციდენტის დროს მიღებულ დაზიანებას უკავშირდება. მან საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და სხდომა განაგრძო. საბოლოოდ შემაჯამებელი ოქმი მაინც მიიღეს.

კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ საქმე აღძრა. პარალელურად ცესკოს შენობასთან ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მოხდა ფიზიკური დაპირისპირება პოლიციასთან, რის შედეგადაც 3 ადამიანია დაკავებული.

აქციის მონაწილეებს მცირე ხნით აღმაშენებლის გზატკეცილი ჰქონდათ გადაკეტილი, თუმცა მალევე დაიშალნენ. კვირას 7 საათზე კი პარლამენტთან მორი აქციაა დაგეგმილი.

ცესკოსთან მიმდინარე აცქიაზე ენმ-ს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „საზოგადოებამ ყველა გამყალბებელს პასუხი უნდა გასცეს” მელნის შეხსმით.

„მინდა, მადლობა ვუთხრა დათო კირთაძეს, მან გაკეთა ქართველი ხალხის გასაკეთებელი და სათქმელი. კალანდარიშვილი და მისი გვერდით მჯდომები ამ ქვეყნის სირცხვილი არიან და გარეთ თავს ვერ გამოყოფენ. ყველამ მელანი ავიღოთ და ვინც სადაც გამყალბებლებს ვნახავთ შევასხათ სახეში ყველას. ყველა გამყალბებელს საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს! პროტესტი და აქციები გაგრძელდება და ჩვენ გავიმარჯვებთ”, – განაცხადა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, შავი ლაქა აგენტურული ოპოზიციის სიმბოლოა, რომლის დაბრენდვა მკლავზე დამაგრებით დაიწყეს, საბოლოოდ კი, ვიზუალურადაც დაბრენდეს.

„შავი ლაქა! ეს არის აგენტურული ოპოზიციის სიმბოლო! საბოლოოდ, ვიზუალურადაც დაიბრენდეს! მკლავზე დამაგრებით დაიწყეს…” – წერს მამუკა მდინარაძე „ფეისბუქში”.

შემაჯამებელი ოქმი

საარჩევნო კოდექსის 76-ე მუხლის პირველ პუნქტში ვკითხულობთ, რომ „ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმების საფუძველზე, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა, თავის სხდომებზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების შედეგებს და ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს”.

აქედან გამომდინარე, ცესკოს 21 ნოემბერამდე ჰქონდა დრო.

თავად ცესკოში გადაწყვეტილების დაჩქარებას იმით ხსნიან, რომ 21 ნოემბერი „არ არის ბეჭედდასმული” თარიღი და „საბოლოო ინსტანციის სასამართლომაც მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება”.

შაბათს დასკვნითი ბრიფინგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნაცვლად, მისმა მოადგილე გიორგი შარაბიძემ გამართა. მისი თქმით, სხდომის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის გამო, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგის ჩატარება ფიზიკურად ვერ შეძლო.

„საარჩევნო ადმინისტრაცია შემაჯამებელ ოქმს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე ადგენს მას შემდეგ, რაც ამოიწურება ყველა ინსტანციაში ყველა შესაძლო საჩივრის განხილვის ვადა.

„გუშინ, საბოლოო ინსტანციის სასამართლომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება. უკიდურესი ვადა – 21 ნოემბერი – არ არის დათქმული და ბეჭედდასმული ვადა, ეს არის უკიდურესი ვადა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რა თქმა უნდა შეუძლია, თუ ყველა პროცედურა ამოწურულია, შემაჯამებელი ოქმი შეადგინოს. მაშინ მეორე კონტრკითხვა შეიძლება არსებობდეს – რატომ უნდა გაწელოს საარჩევნო ადმინისტრაციამ ხელოვნურად ვადა, როცა ყველა იურიდიული საფეხური გავლილია და დასრულებული? ცხადია, შემაჯამებელი ოქმის შედგენის კანონიერებასთან ვერანაირი საკითხი ვერ დადგება – ყველა ვადა და ინსტანცია გუშინ ამოწურული იყო”, – აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ ოქმის მიღების შემდეგ შემაჯამებელ ბრიფინგზე.

შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნებზე 2 111 834 ამომრჩეველმა მისცა ხმა. 34 974 ბიულეტენი გაბათილდა. 5%-იანი ბარიერი ხუთმა სუბიექტმა გადალახა. შედეგები ასეთია:

„ქართული ოცნება” – 1 120 053 ხმა, 53.93%, მანდატების რაოდენობა – 89;

„კოალიცია ცვლილებისთვის” – 229 161 ათასი ხმა, 11.03%, მანდატების რაოდენობა – 19;

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 211 216 ხმა, 10.17%, მანდატების რაოდენოა – 16;

„ძლიერი საქართველო” – 182 922 ხმა, 8.81%, მანდატების რაოდენობა – 14;

„გახარია საქართველოსთვის” – 161 521 ხმა, 7.78%, მანდატების რაოდენობა – 12.