სოზარ სუბარი ცესკო-ს მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებაზე –  ქართველმა ხალხმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა

პარლამენტის დეპუტატის სოზარ სუბარის განცხადებით, არჩევნების შედეგებით ქართველმა ხალხმა მსოფლიოს განუცხადა, რომ ქართული საზოგადოება ყოველთვის მშვიდობის, ქვეყნის სუვერენიტეტის და ოჯახური ღირებულებების სადარაჯოზე იდგება.

აღნიშნულის შესახებ სუბარი სოციალურ ქსელში წერს და ცესკო-ს მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებას ეხმაურება.

„გილოცავთ! ისტორიული გამარჯვება უკვე ოფიციალურად გაფორმდა! დღეს ცესკო-მ 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა, რითაც უკვე ოფიციალურად გაფორმდა „ქართული ოცნების“ და ქართველი ხალხის გამარჯვება. ეს იყო ბრძოლა მშვიდობასა და ომს, ეროვნულ ტრადიციებსა და ამ ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლას შორის და ამ ბრძოლაში ქართველმა ხალხმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა, რითაც არა მხოლოდ უსამშობლო ოპოზიციას, არამედ მთელ მსოფლიოს მკაფიოდ განუცხადა, რომ ქართული საზოგადოება ყოველთვის მშვიდობის, ქვეყნის სუვერენიტეტის და ოჯახური ღირებულებების სადარაჯოზე იდგება“, – წერს სოზარ სუბარი.

ცნობისთვის, დღევანდელ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარემ და მდივანმა 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს.