ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.

აღნიშნულის შესახებ ცესკო განცხადებას ავრცელებს.

„შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 3 508 294. არჩევნებში მონაწილეობა 2 111 834 -მა ამომრჩეველმა მიიღო. საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ბარიერი 5-მა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. ესენი არიან: „ქართული ოცნება“; „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“; „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“; „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“; „გახარია საქართველოსთვის“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდა და შესაბამისად ახლადარჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 150 წევრისაგან.

საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყო არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარება. არჩევნები რომ კარგად ადმინისტრირებული იყო, დასტურდება სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის (ეუთო/ოდირი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი“ (ENEMO), „ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისათვის“ (EPDE)) წინასწარი განცხადებებით, შეფასებებითა თუ დასკვნებით კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით.

საარჩევნო ადმინისტრაციამ კომპანია „სმარტმატიკთან“ თანამშრომლობით 26 ოქტომბრის არჩევნებზე პირველად გამოიყენა ასეთი ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიები და სწორედ ამან მისცა ადმინისტრაციას საშუალება, კენჭისყრის დასრულებიდან საათსა და 45 წუთში წარედგინა წინასწარი პირველადი შედეგები. არჩევნების დღემ დაადასტურა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის თითქმის ორწლიანმა დაუღალავმა შრომამ შესაბამისი შედეგი გამოიღო და პროცესის დაგეგმარება/ორგანიზება ყველა ეტაპზე იყო სწორად წარმართული. აპარატებმა იმუშავეს გამართულად და ამომრჩეველიც ადვილად ადაპტირდა ახალ ტექნოლოგიებთან“,- ნათქვამია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სხდომის შემდეგ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ „ისტორიული არჩევნები, რომელზეც ამომრჩევლის 90% სარგებლობდა ტექნოლოგიების გამოყენებით, შედგა“.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს, არჩევნებში მონაწილე 2 მილიონზე მეტ ამომრჩეველს, მედიას, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს. მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ისტორიული არჩევნები, რომელზეც ამომრჩევლის 90% სარგებლობდა ტექნოლოგიების გამოყენებით, შედგა და ყველა წინასწარი დასკვნით თუ მონაცემით, ტექნოლოგიური არჩევნების მართვა განხორციელდა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით. შესაბამისად, საქართველოში საარჩევნო ტექნოლოგიები დამკვიდრდა. შემაჯამებელი ოქმი შედგა, ხელმოწერილია და შესაბამისად, არჩევნები დასრულდა. შესაბამისი დოკუმენტაცია გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში შემდგომი პროცედურების განსახორციელებლად“, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტების მანდატების რაოდენობას პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების მიხედვით, შედეგები ასეთია:

„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ – 3 892 ხმა, 0.19%; „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 229 161 ათასი ხმა, 11.03%, მანდატების რაოდენობა 19.„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – 211 216 ხმა, 10.17%, მანდატების რაოდენობა 16;„ევროპელი დემოკრატები“ – 7 955 ხმა, 0.38%; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 50 599 ხმა, 2.44%;„ძლიერი საქართველო- ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ – 182 922 ხმა, 8.81%, მანდატების რაოდენობა 14;„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 15 103 ხმა, 0.73%;„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ – 1 845 ხმა, 0.09%;„შეცვალე საქართველო“ – 12 528 ხმა, 0.60%; „საქართველო“ – 2 780 ხმა, 0.13%;„თავისუფალი საქართველო“ – 4 145 ხმა, 0.20%;„ტრიბუნა“ – 2 483 ხმა, 0.12%;„ჩვენ“ – 2 593 ხმა, 0.12%;„გახარია საქართველოსთვის“ – 161 521 ხმა, 7.78%, მანდატების რაოდენობა 12. „მემარცხენე ალიანსი“ – 1 260 ხმა, 0.06%;„ქართველ ერთობა“ – 4 500 ხმა, 0.22%; „გირჩი“- 62 223 ხმა, 3%; „ქართული ოცნება“ – 1 120 053; 53.93%, მანდატების რაოდენობა 89.