საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.832 მლრდ დოლარს გადააჭარბა

2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.832 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 24.261 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 391.7 მლნ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თუმცა 200.9 მლნ დოლარით ნაკლებია 2023 წლის სექტემბერთან.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით სახელმწიფო ვალის მოცულობა 8.440 მლრდ დოლარს შეადგენდა, 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით კი 9.033 მლრდ დოლარს.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბრის უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალი 8.453 მლრდ დოლარი იყო, აქედან მრავალმხრივი კრედიტორების დავალიანება 6.395 მლრდ დოლარია, ორმხრივი კრედიტორების კი 1.558 მლრდ დოლარი. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულება 378.8 მლნ დოლარს შეადგენდა.

ამასთან, 2024 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

მსხვილი კრედიტორები 2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით:

  • აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 2.307 მლრდ დოლარი
  • მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 1.646 მლრდ დოლარი
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 1.110 მლრდ დოლარი
  • მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) – 502.1 მლნ დოლარი
  • საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) – 195.7 მლნ დოლარი

რაც შეეხება ორმხრივ კრედიტორებს, ანუ ქვეყნებს, 2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ყველაზე დიდი მოცულობის ვალი საქართველოს საფრანგეთის აქვს:

  • საფრანგეთი – 790.3 მლნ დოლარი
  • გერმანია – 601.4 მლნ დოლარი
  • იაპონია – 123.4 მლნ დოლარი
  • ავსტრია – 11.4 მლნ დოლარი
  • ქუვეითი – 10.1 მლნ დოლარი

ამასთან, საქართველოს რუსეთის 7.870 მლნ დოლარის ვალი აქვს, 2.242 მლნ დოლარის – თურქეთის, 1.252 მლნ დოლარის ყაზახეთის და ა.შ.