შეერთებულმა შტატებმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ATACMS-ის რაკეტების გამოყენების უფლება მისცა – New York Times

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას უფლება მისცა, რუსეთის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი კურსკის ოლქში, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ჯარების წინააღმდეგ შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები გამოიყენოს. ამის შესახებ New York Times-ს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ანონიმურობის პირობით განუცხადეს.

ჯო ბაიდენი

„ბაიდენის გადაწყვეტილება აშშ-ის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებაა. მისმა არჩევანმა მის მრჩევლებს შორის კამათი გამოიწვია და ცვლილება ხდება არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ თანამდებობის დაკავებამდე ორი თვით ადრე. ტრამპმა პირობა დადო, რომ უკრაინის შემდგომ მხარდაჭერას შეზღუდავს“, – იტყობინება New York Times-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს იყო „პასუხი“ რუსეთის მოულოდნელ გადაწყვეტილებაზე, ჩრდილოეთ კორეის ჯარების ბრძოლაში ჩართვის შესახებ. გარდა ამისა, ოფიციალურმა პირებმა გამოცემას უთხრეს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ამ ცვლილებამ ომის მსვლელობა „ფუნდამენტურად“ შეცვალოს.

„მათი თქმით, პოლიტიკის ცვლილების ერთ-ერთი მიზანია, სიგნალი გაუგზავნოს ჩრდილოეთ კორეელებს, რომ მათი ძალები დაუცველები არიან და მეტი სამხედრო არ უნდა გაგზავნონ. ოფიციალური პირების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები, სავარაუდოდ, გამოიყენებენ რაკეტებს, ძირითადად, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ჯარების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინულ ძალებს კურსკში ემუქრებიან, ბაიდენმა შეიძლება მათ უფლება მისცეს, იარაღი სხვა ადგილებშიც გამოიყენონ“, – ნათქვამია სტატიაში.

მედია ასევე წერს ოფიციალური პირების შეშფოთებაზე, რომ რუსეთში ATACMS-ის გამოყენებამ შეიძლება, კრემლის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი აიძულოს, „განახორციელოს საპასუხო ძალისმიერი ქმედებები შეერთებული შტატებისა“ და მისი კოალიციური პარტნიორების წინააღმდეგ.

ამასთან, აღნიშნულია რომ უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს შორი მანძილის რაკეტები არა მხოლოდ საოკუპაციო ძალების თავშეყრის ადგილებზე, არამედ ლოგისტიკურ ცენტრებზე, საბრძოლო მასალის საცავებსა და მომარაგების ხაზებზე დარტყმისთვის.

„ეს ხელს შეუწყობს რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ერთობლივი შეტევის ეფექტურობის შემცირებას კურსკის ოლქში“, – აღნიშნულია სტატიაში.