რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მოკავშირეები უკრაინას უფლებას აძლევენ, რუსეთს შორი მოქმედების იარაღით დაარტყას. ზახაროვამ კრემლის ლიდერის ვლადიმირ პუტინის სიტყვები გაიხსენა, რომ ეს ნატოს ქვეყნების რუსეთთან ომში ჩართვას ნიშნავს. ამის შესახებ საგარეო უწყების პრესსპიკერმა RBC-ს განუცხადა.
„პრეზიდენტმა ისაუბრა ამ საკითხზე“, – განაცხადა ზახაროვამ.
კერძოდ, 2024 წლის სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე ნებართვის მიცემა კონფლიქტის არსსა და ბუნებას შეცვლის.
„ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის შეიქმნება. ეს არის გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, არიან თუ არა ნატოს ქვეყნები უშუალოდ სამხედრო კონფლიქტში ჩართულნი“, – განაცხადა პუტინმა.